“მე ნინია კაკაბაძეს მივეცი ხმა, ნინია კაკაბაძეს და არა როგორც ვიღაცის და რაღაცის წარმომადგენელს, მაგრამ ამავდროულად ხმა მივეცი იმიტომ, რომ ის დასახელებულია კონკრეტული დამსახელებელი სუბიექტის მიერ და ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს არის მათი არჩევანი. არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ მისთვის ხმა არ მიმეცა. რაც შეეხება ლელა გაფრინდაშვილს, მე მას მივეცი ხმა. ჯერ ერთი, აქაც იგივე პრინციპებია, რაც ნინიაზე ვთქვი, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ის წევრი, რომელიც თავისი ღირსებით, თავისი საჯარო ცხოვრების წარსულით, ნამდვილად არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაში კონცეპტუალურად, ინტელექტუალურად, ამავდროულად, პრინციპულობით, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სამწუხაროდ, მისი კანდიდატურა არ გავიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხდება, როცა 150 კაცი არის დარბაზში. ჩემთვის ლელა ძალიან ღირებული კანდიდატია”, – აცხადებს დეპუტატი.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ საუბარია კვოტირებაზე, მაშინ კენჭისყრები აღარ უნდა იყოს:
“თუ კვოტა გაქვს, მაშინ კვოტის მთელი არსი არის ის, რომ როცა ხალხს წარმოადგენ, ავტომატურად უნდა იყვნენ არჩეული და მე ვფიქრობ, ეს სწორია. ახლა კანონი ვერ შეიცვლება, მაგრამ შემდეგი ბორდის დაკომპლექტებისას ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ახლა კანონის შეცვლა არასწორი იქნება.”
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის -მეურვეობის კანდიდატებს უყარეს, თუმცა საჭირო ხმები ვერ მიიღო მეურვეობის სამმა კანიდატმა: ნინია კაკაბაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა და გენო გელაძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის ორი კანდიდატიდან მხარი მარინა მუსხელიშვილს დაუჭირა და ის 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ არ იქნა არჩეული.
პარლამენტმა მხარი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს, გელა გელაძეს დაუჭირა, მისი კანდიდატურა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
პარლამენტმა ასევე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი იყო. უმრავლესობის კანდიდატი ნათელა სახოკია 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ხოლო უმცირესობის მეორე კანდიდატი ქეთევან მსხილაძე პარლამენტმა 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.