დავით საგანელიძის თქმით, უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ნინია კაკაბაძე და ლელა გაფრინდაშვილი პოლიტიზებული არიან:
“ნინია კაკაბაძეზე და ლელა გაფრინდაშვილზე არსებობდა მოსაზრებები, რომლებიც ჰქონდათ პარლამენტის გარკვეულ წევრებს. ქალბატონ ნინიას ძალიან პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია ძალიან საინტერესო პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ უმრავლესობის დიდ ნაწილს ჰქონდა მოსაზრება, რომ ის უფრო პოლიტიზებული პიროვნებაა, ის ძალიან აქტიურად ჩანდა ბოლო ხანებში პოლიტიკაში და როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიზებული წევრი ალბათ ის ვერ იქნება, სწორედ ეს იყო მიზეზი. დაახლოებით ანალოგიური მოსაზრებები უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა გაფრინდაშვილზე, თუმცა ჩემს პოზიციას თუ მეკითხებით, მე მას პირადად არ ვიცნობ და ნამდვილად ვიყავი ნეიტრალური და არ მიმიცია ხმა.”
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის -მეურვეობის კანდიდატებს უყარეს, თუმცა საჭირო ხმები ვერ მიიღო მეურვეობის სამმა კანიდატმა: ნინია კაკაბაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა და გენო გელაძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის ორი კანდიდატიდან მხარი მარინა მუსხელიშილს დაუჭირა და ის 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ არ იქნა არჩეული.
პარლამენტმა მხარი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს, გელა გელაძეს დაუჭირა, მისი კანდიდატურა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
პარლამენტმა ასევე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი იყო. უმრავლესობის კანდიდატი ნათელა სახოკია 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ხოლო უნცირესობის მეორე კანდიდატი ქეთევან მსხილაძე პარლამენტმა 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.