ახალი ამბები

გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა – შს მინისტრის მოადგილე ომბუდსმენს პასუხობს

7 ივნისი, 2018 • 1835
გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა – შს მინისტრის მოადგილე ომბუდსმენს პასუხობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას ინფორმაცია 10 ივნისამდე მიეწოდება. ჯავახაძემ ასევე გაუგებარი უწოდა სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლისას გამოტანილ დასკვნებს, რომლის თანახმადაც გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა:

“სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მის მიერ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, არ დასრულებულა. შესაბამისად, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა. თუ რაიმე კითხვა აქვს სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ.  ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომლებმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლით ყველაფერს. თუ გამოვლინდებიან დამნაშავეები, ისინი  დასჯილი იქნებიან და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სასამართლო განხილვების დროს გამოიკვეთა საქმეში ახალი გარემოებები:

“კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, თუ გამოვლინდნენ ასეთი პირები, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება  და დასკვნები მერე გამოვიტანოთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი პირის დაკითხვა. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ,  10 რიცხვამდე და შეიძლება  უფრო ადრეც, საზოგადოებას  შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს გამოძიება რამდენიმე თვის წინ ძირითადი გამოძიებიდან ცალკე საქმედ გამოეყო და, შესაბამისად, მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ვინც საჭირო იქნება, ყველა აუცილებლად დაიკითხება,“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახალხო დამცველის აპარატი  ეცნობა ხორავას ქუჩის საქმის მასალებს. როგორც ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” 6 ივნისს განაცხადა, საქმის მასალების ნაწილის შესწავლის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მომხდარში ფინანსური გავლენის, ფორმალური და არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირებიც არიან გარეულნი. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგნელებს საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ შსს-ში შეუძლიათ, თუმცა 11-ტომიანი დოკუმენტებიდან ყველა შესწავლილი ჯერ არ აქვთ, უკვე იკვეთება ისეთი სახელები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში არ გახმიანებულა. მასალები ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გამოძიების მასალების გაცნობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამის მიზეზად გამოძიების უხარისხოდ წარმართვისა და მიზანმიმართული ზედაპირულობის ფაქტებს ასახელებს. სწორედ ომბუდსმენის ამ შეფასებას უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე და საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი