ამის მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატმა ბოლომდე არ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ დაასახელეს 3–3 კანდიდატი იმ 27–კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საზოგადოებრივმა საკონკურსო კომისიამ შეარჩა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის თქმით, ის ფაქტი, რომ 27–კაციანი სიიდან კოალიცია მხოლოდ ერთ კანდიდატზე შეჯერდა, არ ნიშნავს იმას, რომ დარჩენილ 26 აპლიკანტს რამე დაუწუნა:
“ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებთ, უბრალოდ, ნათელა სახოკია [რომელიც უმრავლესობამ თავის კანდიდატად დაასახელა] არის ადამიანი, რომლის შესახებაც ყველას აზრი იყო იდენტური და ერთმანეთს დაემთხვა”, – აცხადებს ხიდაშელი და დასძენს, რომ დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰქონია საკმარისი დრო იმისათვის, რომ სხვა კანდიდატების საკითხი საფუძვლიანად განეხილა:
“ძალიან რთული მომენტია ახლა. ყოველდღე სესია გვაქვს, პრაქტიკულად, და უმრავლესობის სრულად შეკრება შეუძლებელი აღმოჩნდა, ანუ ძალიან ტექნიკური და პრაქტიკული მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს”, – ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ უმრავლესობა ამ საკითხს იანვარში მიუბრუნდება, მანამდე კი პატარა ტაიმ–აუტს იღებს კონსესუსის მიღწევამდე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გავრცელა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის და დეპუტატების ქმედების გამო შეშფოთება გამოთქვა:
“სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით. არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო”.
მომხდარით ასევე გაკვირვებულია იურისტი ნათია კაპანაძე, რომელიც იმ საზოგადოებრივი კომისიის წევრი იყო, რომელმაც ბორდის წევრობის რანჟირებული 27–კაციანი სია წარუდგინა პარლამენტს:
“სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული დავრჩი. მაუწყებლობის შესახებ კანონის 26–ე მუხლის მე–4 პუნქტი ამბობს, რომ იმ სუბიექტებს, რომელთაც ამ კანონის თანახმად აქვთ უფლება შეარჩიონ და წარადგინონ მათთვის სასურველი კანდიდატები, ეს უნდა გააკეთონ საკონკურსო კომისიის მიერ სიის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც სახალხო დამცველმა, ისე აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა წარდგენილი სიიდან მათთვის სასურველი კანდიდატები ამოირჩიონ, რომელთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს ცხრა. ჩემთვის, როგორც ამ პროცესში ჩართული ადამიანისათვის, ცოტა გაუგებარია, რომ 27 კანდიდატიდან ცხრის ამორჩევა ვერ მოხერხდა”.
დეპუტატი ხიდაშელი კანონის ხსენებულ პუნქტს, რომელშიც წერია: ”საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს”, სხვაგვარად განმარტავს:
“აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა [სამივე] კანდიდატს წარუდგენენ, ან ნახევარს – იმდენს წარუდგენენ, რამდენიც იქნება. ამ წუთის მდგომარეობით კი უმრავლესობას ეს ერთი კანდიდატი ჰყავს”.
3–დღიანი ვადა, რომლის შესახებაც კანონშია საუბარი, გუშინ ამოიწურა, თუმცა მოცემული მომენტისთვის მხოლოდ ბორდის წევრობის კანდიდატების 6–კაციანი სია არსებობს: მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი სახალხო დამცველმა დაასახელა, გენო გელაძე – აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ნათელა სახოკია- საპარლამენტო უმრავლესობამ, ხოლო ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე – უმცირესობამ.
თინათინ ხიდაშელი ადასტურებს, რომ პარლამენტი კენჭს მოცემულ 6 კანდიდატს უყრის, თუმცა იგი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხდება დარჩენილი 3 ვაკანტური ადგილის შევსება: გამოცხადდება თუ არა ახალი კონკურსი, შეიქმნება თუ არა ახალი საზოგადოებრივი კომისია და ასე შემდეგ.
“ძალიან წინ უსწრებთ მოვლენებს. ჯერჯერობით არის ის მოცემულობა, რომელიც გითხარით, დანარჩენი ვნახოთ”.
“თუ ექვსივეს უყარეს კენჭი და დადებითი პასუხი დააფიქსირა პარლამენტის უმრავლესობამ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლის ახალი საბჭო შეკრებისთვის უფლებამოსილია, რადგან მისი ⅔ იქნება არჩეული, ხოლო სამ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადებენ ახალ კონკურსს. გააუქმებენ ამ[ 27–კაციან] სიას, ხელახლა მოუწოდებენ ადამიანებს, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, ხელახლა შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც აარჩევს ამ სამ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატებს და პარლამენტი შემდგომ უყრის მათ კენჭს. როგორც იკვეთება, ასეთი პროცედურით აპირებენ წასვლას”, – ამბობს დღეისათვის მოქმედი საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბორდის დარჩენილ 3 ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევისათვის პოლიტიკური კლასი ფარული გარიგებების რეჟიმს გამოიყენებს, რადგან კომისიის მიერ შედგენილი სიიდან სასურველი კანდიდატები ვერ ამოირჩიეს. ზვიად ქორიძის თქმით, თუ ახალი საკონკურსო კომისია შეიქმნება, იგი ამ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბორდის წევრობის კანდიდატთა კონკურსში 60–ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის- ნინელი ჭანკვეტაძე, მამუკა არეშიძე, ირმა სოხაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ირაკლი პეტრიაშვილი, თუმცა ისინი საბოლოო 27–კაციან სიაში ვერ მოხვდნენ.
3 კანდიდატი სრულად არც საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს დაუსახელებიათ. როგორც ირკვევა, ოპოზიცია საზოგადოებრივი კომისიის ფორმირების წესით არის უკმაყოფილო:
“ხელისუფლებამ მოიფიქრა [კანდიდატების] შერჩევის მექანიზმი და ოპოზიციის მიერ შერჩეული კანდიდატები პირდაპირ ვერ ხვდებიან, ჯერ კომისიამ უნდა აარჩიოს და აქ დაბლოკვის მექანიზმები გამოიყენეს”, – აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანი.
“ნეტაზეთის” კითხვას, ადანაშაულებს თუ არა იგი კომისიას მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებაში, როცა დაბლოკვის მექანიზმებზე საუბრობს, იგი პასუხობს:
“დაკვეთაზე არ არის აქ ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ არსებობს ასეთი ცნება: ინტერესთა კონფლიქტი. კომისია თავისთავად არის დაკომპლექტებული, ასე ვთქვათ, უმრავლესობის [მიერ], მათ უფრო მეტი ხმა აქვთ და პარლამენტის თავმჯდომარე აკომპლექტებს ამას. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ვერ ასრულებს და ვერც შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს”.
მისი თქმით, არსებობს ინსტიტუტები, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის როლი უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი, რადგან ეს მეტ ობიექტურობას უზრუნველყოფს.
დეპუტატი არ პასუხობს “ნეტგაზეთის” კითხვას, კონკრეტულად ვინ მოისაკლისა უმცირესობამ კომისიის მიერ შედგენილ 27–კაციან სიაში და ამბობს, რომ აქ პრინციპზეა ლაპარაკი და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. ხოლო კითხვას, რატომ არ დაუჭირა მხარი სიაში მყოფ ისეთ ადამიანებს, რომელთაც კომისიის წევრების მაღალი შეფასებები დაიმსახურეს, მაგალითად- ჯანა ჯავახიშვილს, ნინო ლომჯარიას და სხვებს, იგი ასე პასუხობს:
“მაგალითად, ნინო ლომჯარიას მე დიდი სიამოვნებით დავსახელებდი. აქ ცოტა სხვა პროცედურებია, ჩვენ შეიძლებოდა დაგვესახელებინა და მიდის კონსულტაციები. ამ შემთხვევაში, პირადად მე დიდი სიამოვნებით დავასახელებდი ნინო ლომჯარიას”.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს დეპუტატებს, პატივი სცენ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომასა და არჩევანს, დადგნენ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება – შეარჩიონ კანდიდატები წარდგენილი სიიდან.
“შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კონკურსის კომპეტენტურად და გამჭვირვალედ ორგანიზება; პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროფესიონალებისაგან. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმა არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის. ამ პროცესის ჩაშლით მმართველი ძალა არა მხოლოდ ეჭვქვეშ დააყენებს საკუთარ წინა საარჩევნო გზავნილს მედიის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების შესახებ, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარლამენტმა მეურვეობის კანდიდატები საკონკურსო კომისიის მიერ მათი შერჩევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.
