მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რიყის დოქების“ მეპატრონეები მზად არიან, კონსტრუქცია დაშალონ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჩუქრად გადასცენ.
თუმცა, მდინარაძის თქმით, მსურველი არავინ არის, რადგან მისი „ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა“ ძვირი ჯდება.
ამის შესახებ მან დღეს, 17 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჯერ ერთი, დოქები რატოა, არ ვიცი, უფრო გრაფინია თუ რაღაც. დოქი რატოა, ვინმემ იცით? ამაზე არავის არ უკამათია – დოქი რატოა? ფორმით არის დოქი? რითი არის დოქი? დაარქვეს დოქი გრაფინს, ვიღაცის ახირება, ვიღაცის პატივსაცემად ემოციებზე აწყობილი გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, ვერცერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა.
რომ შეხვიდე ამ შენობაში შიგნით და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე თავად ეს შენობა. ყველა, ვინც კი შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ ნაშენებია და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება ან ორი იმდენის დახარჯვა სჭირდებოდა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ.
მეპატრონეები, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა, და ერთი ადამიანი არ ჩანს, რომელიც ამის მზაობას გამოხატავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევის ნებართვა გასცა.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების თანახმად, რიყის დოქების დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
„რიყის დოქები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლებია, უფუნქციოა, სახელმწიფომ 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა. ის თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა, 2025 წლის მაისში კი, ხიდაშელისგან — შპს „რიყე დომმა“. 2022 წლის აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს.
Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია.
