პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.