კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ბოლო ოთხ თვეში ეს მესამე შემთხვევაა, როცა კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევას განიხილავს, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება.

„კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 17 ივნისის პერიოდში ჩატარდა, „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს.

„ფორმულა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ორჯერ დასანქცირდა – კომპანიამ ერთხელ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, მეორედ კი 2 500 ლარით დაჯარიმდა.

„ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა – 5000 ლარი დააკისრა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

„ფორმულას“ განცხადებით, მოხსენებით ბარათში მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.