უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას წარდგენას აპირებს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

ზელენსკის განცხადებითვე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დროებით ასევე ხმარა შეასრულებს.

„ევგენი ხმარამ უზარმაზარი, მრავალმხრივ უპრეცედენტო გამოცდილება მიიღო ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების განხორციელებაში. სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ჩვენმა თავდაცვამ ამ ომში“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მიმდინარე წლის იანვარში ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც  ვასილი მალიუკი შეცვალა. თუმცა მას შემდეგ ზელენსკის არ წარუდგენია მისი კანდიდატურა უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად.

როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური აღნიშნავს, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეიძლება ხმარამ უხელმძღვანელოს თავდაცვის სამინისტროს თუნდაც მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, ვინაიდან ამისათვის მთავრობამ ჯერ მინისტრის მოადგილედ უნდა დანიშნოს და უწყების დროებითი მართვის უფლებამოსილება მიანიჭოს.

გარდა ამისა, ხმარა სამხედრო სამსახურში იმყოფება, ხოლო „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, მინისტრისა და მისი მოადგილის პოსტების დაკავება მხოლოდ სამოქალაქო პირებს შეუძლიათ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ სერგეი კორეცკისთან უკვე განიხილა იურიდიული პროცედურები ამ დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

„სუსპილნეს“ წყაროების ინფორმაციით, ხმარას ნაცვლად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს მისი პირველი მოადგილე, ოლექსანდრ პოკლადი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე დღეა კიევში საპროტესტო აქციები იმართება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის პოსტზე დარჩენის მოთხოვნით. მოქალაქეები შეიკრიბნენ ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის ოფისის სიახლოვეს, ტრანსპარანტებით – „ფედოროვი – თავდაცვის მინისტრად“; „სირსკი გადადგეს!“


16 ივლისს დედაქალაქში გამართული აქცია გვიან საღამომდე გაგრძელდა. აქციები დაიწყო პოპულარული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიციირებული სამთავრობო კაბინეტის მასშტაბური გადახალისების ნაწილი. იმავე დღეს ბრიფინგი გამართა ფედოროვმა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, აღიარა საკუთარი კონფლიქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყველა წინადადება და ინიციატივა ჯარების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ წინააღმდეგობას აწყდებოდა.

ფედოროვმა განაცხადა, რომ  შვიდი წელია ზელენსკის იცნობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს „სირსკის მხარე ჯერ კიდევ არ დაუკავებია“. ბრიფინგზე ფედოროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი თქვა.

16 ივლისს, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  აღიარა, რომ მიხაილო ფედოროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა, ალექსანდრ სირსკიმ ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და გადაუჭრელი რჩებოდა ბრძოლის ველზე, ბრიგადებში არსებული პრობლემები და მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

რაც შეეხება სირსკის პოზიციას — მიხაილო ფედოროვის მხრიდან ბრიფინგზე გამოთქმული კრიტიკის ფონზე შეიარაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მან გაიხსენა 2022 წლის კიევის თავდაცვითი ოპერაცია:

„ვამაყობ იმით, რომ 2022 წელს, კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით, ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქის დაცვა. და ახლა ამ ქალაქში შესაძლებელია ბრიფინგების ჩატარება, ხედვების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა სირსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ფედოროვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული მუშაობისთვის და უსურვა, „კვლავაც დარჩეს უკრაინის გუნდის ნაწილად“.

16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა — თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარეშე. იმავე დღეს ცოტა ხნით ადრე, დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად სერგეი კორეცკი დანიშნეს.