ახალი ამბები

ადვოკატი: ტატუნაშვილს 100-ზე მეტი დაზიანება სიცოცხლეშივე მიაყენეს

6 ივნისი, 2018 • 1854
ადვოკატი: ტატუნაშვილს 100-ზე მეტი დაზიანება სიცოცხლეშივე მიაყენეს

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა მათ ოჯახის წევრებს გადასცეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტავს, ექსპერტიზა ნაკლოვანია, მაგრამ დასკვნის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტატუნაშვილი აწამეს და მას 100-ზე მეტი დაზიანება სიცოცხლეშივე მიაყენეს.

“ტატუნაშვილს ეს დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს. თუმცა დასკვნაში ყველა დაზიანება სრულყოფილად არ არის აღწერილი. მაგალითად, ცხვირი, ფაქტობრივად, მიკერებული ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილს, ამაზე არ არის საუბარი. შუბლზე, როგორც ოჯახი საუბრობს, ჰქონდა ნაჭდევები, დაზიანება და ნატყვიარი. ეს დაზიანება უნდა აღწერილიყო. მარცხენა საფეთქელი ასევე შეზნექილი ჰქონდა და არც ამაზე  არის საუბარი დასკვნის ძირითად ნაწილში. ეს დასკვნა იძლევა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩილ ტატუნაშვილი აწამეს,”- განაცხადა თამარ ავალიანმა.


მოკლედ:

22 თებერვალი: საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოსურმა მხარემ დააკავა.

23 თებერვალი: ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის მტკიცებით, ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

20 მარტი:  ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

21 მარტი: ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

23 მარტი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი