ახალი ამბები

ბესელია არქანიას წამების საქმეში დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

26 დეკემბერი, 2013 •
ბესელია არქანიას წამების საქმეში დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

ეკა ბესელიას თქმით, მალხაზ არქანიას წამების შესახებ, ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, მაშინდელმა სასჯელაღსრულების მინისტრმა, წინა მოწვევის პარლამენტმა და იმდროინდელმა მთავარმა პროკურორმაც იცოდნენ, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. 

 

“2011 წლის ივლისში მე პირადად ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან ერთად ვნახე არქანია და ის იყო ნაწამები, მას აღენიშნებოდა წამების კვალი და ითხოვდა შველას. მას აყურებინეს გაუპატიურების სცენები და იგივეთი ემუქებოდნენ, თუ ტერაქტის დანაშაულს საკუთარ თავზე არ აიღებდა. ამ შიშის და მუქარის შემდეგ მან დაწერა აღიარებითი ჩვენება და გაასამართლეს”, – განაცხადა ბესელიამ. 

 

ეკა ბესელია გამოძიების განახლებას მიესალმება და მოითხოვს, რომ ყველა დამნაშავე ძალიან მკაცრად დაისაჯოს.

 

“პროკურატურამ განაახლა ამ საქმის გამოძიება, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით გამოძიების ჩატარებას და მაშინ ყველა ის პირი, რომელსაც გამოძიება ევალებოდა, დუმდა. ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება განახლდა. მიმაჩნია, რომ ეს უმძიმესი დანაშაულია, რომელიც თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს და მოვითხოვ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამ  წამებაში მონაწილეობდა, იყოს ძალიან მკაცრად დასჯილი”,- განაცხადა ბესელიამ. 

 

საპარლამეტნო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ:

“ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, თუ დანაშაულის ნიშნებია, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ეს კარგია, მაგრამ რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, როგორც მოწმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ბრალი, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე შესაბამისი სასჯელი არ მიაგო მას და ახლა მოწმედ იყენებენ, ბევრ სხვა საქმეშიც შეიძლება გამოჩნდეს. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა საისაჯოს, მაგრამ ბედუკაძის მოწმედ და გმირად აღიარებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები.”  

დღეს საქართველოს პროკურატურამ მალხაზ არქანიას საქმეზე სამ პირს ბრალი წაუყენა, მათ შორის შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულნი არიან, ასევე, სად-ის მე-8 დაწესებულების თანამშრომლებს ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი