როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კონკურსში მხარს ნინია კაკაბაძეს და ქეთი მსხილაძეს დაუჭერს.
ნინია კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრთა 6 ხმა მიიღო, ქეთევან მსხილაძემ -7.
ქეთევან მსხილაძე 2009 წლის დეკემბრიდან დღემდე საინფორმაციო ანალიტიკურ ჟურნალში „ტაბულა” მუშაობს. 2006 -2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. იქამდე, სხვადასხვა წლებში- გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG) მედიაანალიტიკოსად, “The BBC Monitoring”-ის ქართული სამსახურის რედაქტორად და ა.შ.
ნინია კაკაბაძე 2012-2013 წლებში მუშაობდა ინტერნეტ ტელევიზიაში “არტარეა”, 2011-2013 წლებში, ტელეკომპანიაში “მაესტრო”- გადაცემა “კვირის აზრები.” 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია კლუბის” დამფუძნებელი და წევრი. 2011-2012 წლებში -რადიო “ცხელი შოკოლადი” გადაცემა “ლიბერალი” და ა.შ.
27 კანდიდატიდან უკვე შეარჩია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვის ორი კანდიდატი სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუშავილის რჩეულები ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი აღმოჩნდნენ.
საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც – მათი რჩეული გენო გელაძე აღმოჩნდა. მან საკონკურსო კომისიისგან შეფასების სახით 9 ქულა მიიღო.