ახალი ამბები

ბექა ნაცვლიშვილი – მეტროს მემანქანეების მიმართ ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით

4 ივნისი, 2018 • 4242
ბექა ნაცვლიშვილი – მეტროს მემანქანეების მიმართ ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით

ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების წევრი, პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერიისა და სატრანსპორტო სამსახურის ადმინისტრაციის მხრიდან ხისტი დამოკიდებულება იგრძნობოდა მეტროს მემანქანეების მიმართ.

“თუ ეს ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ. ეს ესე არ არის, რა! “ბიუჯეტში არ გვაქვს….” მაშინ უნდა გავზარდოთ ბიუჯეტი! მაშინ ყოველთვის ვიქნებით ისე, რომ თუ დაბალი ბიუჯეტი იქნება, ხელფასები გვექნება ნაკლები.

ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის. ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება. უნდა იყოს გონივრული. ეს ადამიანები არიან მემანქანეები და მუშაობენ ყველაზე მძიმე პირობებში, მათ შორის, ვინც არიან დასაქმებულები მეტროში. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ ადამიანთა მოთხოვნა არ არის ირაციონალური,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა მეტროს მემანქანეთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ვერანაირი პასუხისმგებლობა დადგება მემანქანეების მიმართ, რადგან მათ წაართვეს გაფიცვის კონსტიტუციური უფლება.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და მიაღწევენ შეთანხმებას:

მთავარია, მოლაპარაკების სივრცე არსებობს. ეს ადამიანები არიან მზად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ის მოლაპარაკება იყო უშედეგო და რომელიმე მხარეს თავიდანვე ჰქონდა ხისტი პოზიცია, მგონია, რომ მაინც დარჩა სივრცე მოლაპარაკების. შესაბამისად, რადგან ამ ადამიანების მხრიდან არის მზაობა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმედია, ამას გაიგებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თვითონაც გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს. ამ ადამიანებს გაცხადებული აქვთ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

გაფიცვა არის ამ ადამიანების ხელში ერთადერთი მექანიზმი, რომ ყურადღება მიიქციონ და საკუთარი უფლებები დაიცვან. ეს არის ერთადერთი საშუალება. აქედან გამომდინარე, ამაზე ლაპარაკი, რატომ გაიფიცნენ და ა.შ., ზედმეტია.

ძალიან ბევრი შრომითი დავა ყოფილა, რომ თავიდან პოზიციები არის ძალიან განსხვავებული. როდესაც ორივე მხარე შეიგრძნობს თავის ძალას, მერე მოდიან ხოლმე ნელ-ნელა შეთანხმებაზე. გუშინ დაიწყო შიმშილობა და დღეს მოლოდინი მაქვს იმის, რომ მერია ნაბიჯს გადადგამს და კიდევ ერთხელ დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან.

შრომა არის შეფასებადი: ვინ რა სიმძიმის სამუშაოს ასრულებს, ვინ რამდენი ხანი მუშაობს, ვის რა ზიანი ადგება ამ სამუშაოდან და ა.შ. არის სამუშაო მძიმე და მავნე პირობებში. აქედან გამომდინარე, თუ ამ ადამიანებს მიაჩნიათ ასე… ასე ვერავინ დაადგენს დედამიწაზე ხელფასს, რომ ერთი პროფესიის ადამიანს ამდენი ხელფასის საჭიროება აქვს და მეორე პროფესიის ადამიანს ამდენი. ეს არის ჩვეულებრივი შრომითი დავა, აქ ფიქსირებული ხელფასები არ არსებობს.

ბექა ნაცვლიშვილი თავადაც იმყოფებოდა მეტროს მემანქანეებთან დღეს და პირადად გაეცნო მათ მოთხოვნას. დეპუტატი ასევე დაესწრო “გლდანის დეპოში” გამართულ დახურულ შეხვედრას.

მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. მათ გაფიცვა დაიწყეს 3 ივნისს, არასამუშაო დროს, თუმცა მეტროს მუშაობა 4 ივნისის დილიდან შეჩერებულია. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასამართლომ მემანქანეებს აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა.

როგორც ორგანიზაცია EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი