“ნეტგაზეთმა” უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, უნდა შეუჩერდეს თუ არა ოთარ ფარცხალაძეს უფლებამოსილება იმ განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც მას გერმანიაში პოლიციასთან ინციდენტი შეემთხვა.
თამაზ ავდალიანი და გიგლა აგულაშვილი მიიჩნევენ, რომ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება არ უნდა შეუჩერდეს.
“მე მგონი, უნდა ვენდოთ პროკურორის განცხადებას. მით უმეტეს, რომ უკვე გაქარწყლებულია ეს ყველაფერი, თუნდაც ყოფილიყო ეს ნასამართლეობა, გაქარწყლებულია და არაფერს არ უშლის, რაიმე შეზღუდვა არ ჰქონია და მას შემდეგ უამრავი წელია მუშაობს და არავითარი დარღვევა არ აქვს. თავის ნათქვამზე ალბათ პასუხს აგებს და გამოჩნდება ეს ყველაფერი,”- ამბობს თამაზ ავდალიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
იგივე აზრი აქვს გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ჯერ დოკუმენტებისთვის გაცნობა არის საჭირო, თუმცა აღნიშნავს, რომ გიგი უგულავამდე აღნიშნული ინფორმაცია სხვებსაც ჰქონდათ:
“როგორც ამბობენ, ამის თაობაზე ინფორმაცია გარკვეულ პირებს გარკვეული დროით ადრე ჰქონდათ. შეიძლება მათ კიდევ სხვა ინფორმაციებიც აქვს. თუ ლოიალური იქნება ვინმე, მათ შორის მთავარი პროკურორი, სისხლის სამართლის დევნის განხორციელებისას, ასეთ შემთხვევაში ვიღაცები გადამალავენ, ან შეინახავენ როგორც იარაღს, რაღაც ტიპის მაკომპრომატირებელ მასალებს. სწორედ ეს არის მთავარი და უფრო ღირებული ამბავი და პიროვნული გმირობა გინდ ადაარქვი ამას, როდესაც შეიძლება იცოდე, რომ შენ მიმართ ვიღაცას რაღაც აქვს, მაგრამ შენ აკეთებ იმას, რასაც გავალებს კანონი, საკუთარი სინდისი. “
ოთარ ფარცხალაძის თქმით, მას 2000 წელს გერმანიაში პოლიციელებთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა, მისი მტკიცებით, ის ყაჩაღობის მუხლით არ დაუკავებიათ, როგორც ამას გიგი უგულავა ამბობს:
“2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. “