2 ივნისს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა – 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 65 წლის რეზო ლომთაძე. ტყიბულში ჯერ არ იციან ზუსტად როდის დაკრძალავენ დაღუპულებს.
სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობი იყო. თანამშრომლობდა ახმეტელის თეატრთან, როგორც სცენარისტი. სანდროს მეგობრები ფეისბუქზე წერენ, რომ ტყიბულმა სანდროს სახით ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა.
„ტყიბულის თეატრი დაყრუვდა, დაბრმავდა და დამუნჯდა სანდრო ბუცხრიკიძის გარდაცვალებით. ერთდროულად დავკარგეთ მსახიობიც, მეგობარიც, დეკლამატორიც, აკომპანიატორიც, სცენის მუშაც და კეთილსინდისიერი ადამიანიც. ქალაქმა დაკარგა ფუტკარივით მოფუსფუსე მუშაკი. სანდროს ზნეობის, სიკეთის, სიმართლის და წესიერების ადგილი მიწაზე არ იყო,“ – წერს თეატრის ადმინისტრაცია ფეისბუქზე.
სანდრო ბუცხრიკიძე მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში. ჩართული იყო არაერთ პროექტში, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებდა. გატაცებული იყო სამთო ტურიზმით, მეგობრები წერენ, რომ ტყიბულში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. უფასო სასადილოდან მოხუცებისთვის სახლში საკვები მიჰქონდა. ბავშვებს ხალხურ საკრავზე დაკვრას ასწავლიდა.
იუთუბზე იძებნება ვიდეო, რომელშიც სანდროს ერთი დღეა აღწერილი.
სანდრო თავისი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი შემოსავლისთვის ქვანახშირის კარიერზე მუშაობდა. 2 ივნისს, გამთენიისას ის შახტში რეზო ლომთათიძის მოსაძებნად ჩავიდა. როგორც ახლობლები ყვებიან, მუშებმა კარიერზე გაზის სუნი იგრძნეს, რეზო ლომთათიძე შახტში შესამოწმებლად ჩავიდა, როცა დააგვიანდა მის მოსაძებნად სანდრო წავიდა. ორივე დაიღუპა.
როგორც ნეტგაზეთს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, ამ დრომდე უცნობია პასუხისმგებელი კომპანია. შესაბამისად, უცნობია რა სახის პასუხისმგებლობას იღებს კომპანია დაღუპულების ოჯახებთან მიმართებაში.
შემთხვევა, რომელსაც ორი მეშახტის გარდაცვალება მოჰყვა, ჯი აი ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.
დოლაბერიძის თქმით, “ჯი აი ჯი ჯგუფს” ნახშირის მოპოვების ნებართვა კერძო კომპანიებზე აქვს გაცემული, რომლებიც მოიპოვებენ მადანს და შემდეგ ისევ “ჯი აი ჯი ჯგუფზე” ყიდიან. კომპანიას ასე მოპოვებული მადანია იაფი უჯდება, ამავდროულად პასუხს არ აგებს არც შრომის უსაფრთხოებაზე და არც შრომის პირობებზე“.
მეშახტეების დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მიმდინარეობს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ვადით ისჯება.