ახალი ამბები

რესპუბლიკელები აქციების “ფსევდორევოლუციურ სცენარში გადაყვანას” ემიჯნებიან

3 ივნისი, 2018 • 5877
რესპუბლიკელები აქციების “ფსევდორევოლუციურ სცენარში გადაყვანას” ემიჯნებიან

რესპუბლიკური პარტია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აქციების საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან პარტიები.

“რესპუბლიკურ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას.

ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩაგრავს სახელმწიფო. გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში. ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიშა სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს. გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი კი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც არსებული ვითარებას არაადეკვატურად აფასებს და ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების წინა ხელისუფლებით ჩანაცვლება.

აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული სცენარი და ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით, შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით, საბოლოო ჯამში, ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება. რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტიკური პარტიების აქტიურობა საზოგადოებასთან ერთად მიმდინარე პროცესებში, საზოგადოების კონსოლიდაცია და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საზოგადოებაში არსებული რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით”, – ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში.

ამავე თემაზე გირჩევთ

რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები

მასალების გადაბეჭდვის წესი