ვადის გადაწევას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. როგორც ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტმა აამოქმედოს ის წესი, რომელიც მათ დაიცავს პროკურორის, პოლიციის თანამშრომლის თუ გამომძიებლის მხრიდან ნებისმიერი ზეწოლისგან:
„ეს საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს ზეწოლის საგანი და სამიზნე, ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ასეთი შემთხვევა დავინახეთ.
პარლამენტმა არავითარ შემთხვევაში უნდა დაუჭიროს მხარი გადავადებას და უნდა გაიზიაროს როგორც ადვოკატების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით.“
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ არსებულ კანონში მხოლოდ მოწმის ნებასურვილზეა ჩვენების მიცემა და საგამოძიებო ორგანოებს არ შეუძლიათ მოწმე დაავალდებულონ, რასაც არც ერთი ქვეყნის მოდელი არ იცნობს. მთავარ პრობლემას იზორია სწორედ აღნიშნულ დათქმაში ხედავს და ამბობს, რომ ამ კანონის ამოქმედება გამოძიებას უუნარობას გამოიწვევს:
„ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე მოწმისთვის ჩვენების სავალდებულო წესით ჩამორთმევას. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც არსებობს, უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში უუნარო ხდება გამოძიება. ამას ჭირდება საერთო კონსესუსი, ამას ფართო ფორმატი ჭირდება, სადაც ყველა მხარე იქნება ჩართული და, შესაბამისად, უნდა შევიმუშავოთ ერთი დაბალანსებული მოდელი.”