აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტს დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს. იზორია აცხადებს, რომ არსებულ პროექტში არანაირი მექანიზმი არსებობს, რათა მოწმეს ჩვენების მიცემა დაავალდებულო:
„ამ კანონში არ არის სამართლებრივი მექანიზმი, მოხდეს მოწმის დავალდებულება, რომ თუ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას ან მტკიცებულებას, მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიებას ხელიდან გამოეცლება მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ინსტიტუტის გაუქმებით მოიპოვოს მნიშვნელოვანი მტკიცებულება და, შესაბამისად, განსაკუთრებით ცხელ კვალზე, როცა ეს აუცილებელია, ამას ის ვერ შეძლებს.”
იზორია ასევე მიიჩნევს, რომ მოიკლებს დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. მისივე მტკიცებით, განსაკუთრებით სამოხელეო დანაშაულის საქმის გახსნა გართულდება:
“ძალიან დიდი ალბათობით პრობლემა იქნება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელის კლებისა, განსაკუთრებით იმ დანაშაულებისა, რომელიც დამოკიდებულია მოწმის ჩვენებაზე, ასეთი ძირითად შემთხვევაში არის სამოხელეო დანაშაულებები, სადაც კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი. ეს ლოგიკურად გამოძიებას ხდის უუნაროს. პროკურატურაც ვეღარ განახორციელებს თავის ძირითად ფუქნციებს, განსაკუთრებით დისკრეციის ფარგლებში, როგორიცაა განრიდების ინსტიტუტი, როგორიცაა შეწყვეტა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმისა და ეს გამოიწვევს მთელი საქმეების მიმართვას სასამართლოსკენ, ანუ ეს სასამართლოს გადატვირთულობასაც გამოიწვევს.”
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ბრალდების საპასუხოდ, რომლის თანახმად საგამოძიებო ორგანოებს მოწმეებზე ზეწოლის გამო არ სურთ ახალი წესის ამოქმედება, იზორია ამბობს:
“კრიტიკის ფარგლებში ამბობენ, რომ ამით ერთგვარი ზეწოლის, სხვადასხვა ზემოქმედების საშუალებას ვუტოვებთ საგამოძიებო ორგანოებს, მაგრამ მეორე მხრიდან დავინახოთ პრობლემა, კერძოდ, ბრალდებულს, მის ახლოებლებს და ცოტა ჩანართსაც გავაკეთებდი, მათ შორის შეიძლება თანაპარტიელებსაც ეძლევათ საშუალება ბრალდების მხარეზე ზემოქმედების და ბრალდების მოწმეებზე ზემოქმედების, მათი მოსყიდვის, გარიგებაში შესვლის და სხვა რაღაც მაქინაციების შესაძლებლობა დროის იმ მონაკვეთში, როდესაც საქმე აღიძრა და სანამ ის მთავარ სხდომამდე მივა, გავა თვე და ამ დროის განმავლობაში მოგეხსენებათ საქართველოს რეალობაში ამ ტიპის ზემოქმედების განხორციელება – ბრალდებულისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად ბრალდების მხარის მოწმეებზე დიდი ალბათობით, მგონი, შესაძლებელია.”
არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრისას იზორია აღნიშნავს, რომ ყველას ჩართულობით ახალი მოდელი უნდა მომზადდეს:
“მათ შორის ადვოკატების, პარლამენტის, სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით მომზადდეს ისეთი მოდელი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესს და მაქსიმალურად იქნება ყველას უფლებები დაცული.”