შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესი, რომელიც 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 2015 წლის 1 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგია და ახადებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ამ ნორმის ამოქმედების შეჩერებას, რადგან არ არის მზად, მოწმე არ აწამოს:
“ორჯერ შეაჩერეს ამ მუხლის ამოქმედება. მოწმე უნდა დაიკითხოს სასამართლოში და პოლიციას აეკრძალება მოწმის პოლიციაში მიყვანა, დაკითხვა და ის შედეგები, რომელიც ხშირად მოწმის დაკითხვას მოყვებოდა: წამება, ელექტროშოკი, გაუპატიურება და ა.შ. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის ევროკონვენციის მეექვსე მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ დაცვასა და ბრალდებას უნდა ჰქონდეს მოწმის თანაბარ პირობებში დაკითხვის შესაძლებლობა. ამას მოკლებული იყო საქართველოს ადვოკატთა კორპუსი. მოკლებული იყო სამოქალაქო საზოგადოება. დღეს ისევ უნდათ, რომ ამ ბოლშევიზმში დაგვაბრუნონ. ისევ უნდათ ამ ნორმის ამოქმედების გადავადება. არ არის ხელისუფლება მზად, რომ ახალი მამუკა მიქაუტაძეები არ ყავდეს და ხალხი არ აწამოს. ივანიშვილი და ღარიბაშვილი არის ორი ბოლშევიკი იმიტომ, რომ 3 დღის მკვდარი იყო მამუკა მიქაუტაძე, 2013 წლის 3 ივლისს ივანიშვილმა მიმართა პარლამენტს და მოითხოვა სასამართლოსგან, რომ გადაევადებინა ერთი წლით ამის ამოქმედება, მაგრამ მაშინ პარლამენტმა თქვა, რომ 31 დეკემბრამდე გადავავადოთო და მოვიდა 31 დეკემბერი. ახლა ისევ მზაკვრულად ითხოვენ, რომ გადავადდეს, რათა ადამიანების წამება გააგრძელონ და საპატიმროდან ხალხი მოიტაცონ,“ – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს მოდელი გააზრებას საჭიროებს:
“მაშინ გადავადების ლეგიტიმურ მიზნად პარლამენტმა მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, უნარ-ჩვევების გამომუშავება საპროცესო კოდექსის ახალი ვარიანტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. მაშინ ჩვენ დავსვით შეკითხვები, რამდენად შესაძლებელი იყო გადამზადება ახალ წლამდე, მაშინ მოვისმინეთ, რომ შესაძლებელი იყო.
გვაქვს შეკითხვები – აქამდე რა განხორციელდა. გარდა ამისა, ერთი-ერთი არგუმენტი არის ის, რომ საერთოდ ეს მოდელი რამდენად მისაღებია, იმიტომ, რომ საჭიროებს გააზრებას, რადგან პროცესუალურად ეს შეიძლება იყოს გამოძიებისთვის და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის შემაფერხებელი. მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, ამიტომ წარმომდგენის მხრიდან მაინტერესებს უფრო დამაჯერებლად მოვისმინო ეს გადავადებაზე არგუმენტები.”