ახალი ამბები

ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო დაწყებული პროტესტი 16:00 საათზე განახლდება

1 ივნისი, 2018 • 2138
ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო დაწყებული პროტესტი 16:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების ნაწილი კარვებში რჩება, ხოლო ნაწილი ტერიტორიას ტოვებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი 1 ივნისს, 16:00 საათზე განახლდება. საპროტესტო აქციები 6 თვის წინ ხორავას ქუჩაე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციაб, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი