მოწვეულთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის დაწყებისთანავე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმარველობის ეროვნული ასოციაციის იურისტს დავით ზარდიაშვილსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კამათი გაიმართა. ზარდიაშვილმა კოდექსის პროექტში გუბერნატორებისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტის თვითმმართველობის კოდექსში შემოტანით არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ პასუხად განაცხადა, რომ ის ამ ადამიანებს ექსპერტებს ვერ უწოდებს, რადგან ისინი “მთელი 9 წლის განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” იყვნენ ამოფარებული და თუკი სადმე რაიმე ცუდი და სიბინძურე გაკეთებულა, ამ ადამიანების დამსახურებაა”.
– “რანაირად გინდა გაითვალისწინო მათი შენიშვნები და მოსაზრებები?! თუმცა, მიუხედავად ამისა, თუკი რაიმე რაციონალურს ვნახავთ, გავითვალისწინებთ,” – განაცხადა ნარმანიამ, რომელსაც სხვა არგუმენტები არ გაუცნია დამსწრეთათვის.
შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა და ყველა გამომსვლელს აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცა; თუმცა, დღის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარ შენიშვნებს და რეკომენდაციებს უკვე ერთმანეთს აცნობდნენ, რადგან სამინისტროს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
ძირითადი შენიშვნები, რაც შეხვედრისას გაჟღერდა, კოდექსის პროექტში გუბერნატორების ინსტიტუტის დატოვება და მისთვის ფუნქციების მინიჭება, რეგიონული მოწყობა, ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნა-არგადაგზავნის საკითხი, მუნიციპალიტეტების გაზრდის ფონზე საბიუჯეტო ხარჯების ზრდა და კოდექსში თვითმმართველობების სამუშაო ენად ქართული ენის შეტანა იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი არგუმენტებით სცადეს სამინისტროსა და მთავრობის წევრების დარწმუნება, რომ ყველა ეს საკითხი სამომავლოდ პრობლემებს შექმნის და უმჯობესია, პარლამენტში საკომიტეტო განხილვებზე ჩასწორდეს, თუმცა, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება შენიშვნებს, ჯერჯერობით უცნობია.
შეხვედრისას დაისვა საკითხი, რომ საერთოდ შეჩერდეს პარლამენტში კოდექსის პროექტის პირველი განხილვა მანამ, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას არ დადებს, რაზეც მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ირაკლი მელაშვილის პასუხი იყო: “ევროპის საბჭოს თვითმმართველობის კონგრესს ეს კანონპროექტი გადავუგზავნეთ და ვმუშაობთ, რომ დაჩქარებული წესით მივიღოთ შენიშვნები, რაც დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა მოხდეს. რაც შეეხება შენიშვნებს და რეკომენდაციებს, ჩვენ თვითონ ვეცდებით, რომ პარლამენტში ეს კოდექსი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, არა მარტო ევროპის საბჭოს კონგრესის, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნაც აუცილებელია, ამ დასკვნის მიღება კი დაჩქარებული წესით ვერ მოხერხდება. მათი განმარტებით, დასკვნას თებერვლის შუა რიცხვებამდე მაინც დააგვიანდება.
შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა, მათი შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთი მწვავე არ ყოფილა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა. უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, კოდექსი ძვირადღირებულია; ამასთან, პრობლემატურია მუნიციპალიტეტების დაყოფის და ხარჯების ზრდის საკითხები.
“ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა რას ფიქრობს. ეს პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ფინანსურ მდგრადობაზე. ამასთან, დროში რამდენად არის გათვლილი რეფორმის განხორციელება და საერთოდ მისი დაწყება, ჯერ კიდევ საკითხავია. რადგან, როგორც იცით, რეფორმის ნაწილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გახორციელდეს, დარჩენილი ნაწილი კი რამდენიმე წელზე გადანაწილდეს. რეფორმა ვერ დაიწყება, თუ კანონი არ დამტკიცდა, დამტკიცებამდე კი საკმაოდ დიდი განხილვა და გაანალიზებაა საჭირო, რადგან ამ რეფორმით, შესაძლოა, ფედერალური მოწყობის საფრთხეები გაიზარდოს”, – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება გუბერნატორების ინსტიტუტის კოდექსში შემოტანას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ ინსტიტუტის კოდექსში დატოვებით, რეგიონს აღმასრულებელი ხელისუფალი ეყოლება, რაც თვითმმართველობის გაუმჯობესების ნაცვლად, მის დაკნინებას გამოიწვევს.
“ადგილობრივ თვითმმართველობას იმის ნაცვლად, რომ უფლებამოსილებები დამატებოდა, ახალი კოდექსით ფუნქციების ნაწილი ეკარგება. დეცენტრალიზაცია კი ფუნქციების დამატებას ნიშნავს. რაც შეეხება გუბერნატორს, მას აღსრულებითი ფუნქცია ენიჭება, თუმცა, ზედამხედველობის ფუნქცია აღარ აქვს; ანუ ის რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფალი იქნება რეგიონის საბჭოში, მაგრამ მას საბჭო არ დანიშნავს”, – აღნიშნა შეხვედრისას “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა დავით მელუამ.
მისივე თქმით, “ინსტიტუციურად ყველაზე დიდი ფუნქციები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, გუბერნატორს და ბოლოს – ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს”.
რაც შეეხება კოდექსის პროექტიდან ადგილობრივი თვითმმართველობების სამუშაო ენის ამოღებას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ძველ კანონში ეს ჩაწერილი იყო, ახალში კი არ არის, რაც მათი აზრით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რაც პრობლემებს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცდეს.
სამი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც თვითმმართველობის სახელისუფლებო რეფორმას მოჰყვება
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის იურისტი დავით ზარდიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სამ ყველაზე დიდ საფრთხეს ასახელებს და განმარტავს, რომ ამ რეფორმას არა დეცენტრალიზაცია, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გავლენების გაძლიერება მოჰყვება.
ამასთან, სახეზე გვექნება დაშლილ-დანაწევრებული, უმოქმედო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც რეალურ მმართველად მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი ეყოლება.
დავით ზარდიაშვილის განცხადებით, პირველი პრობლემა მუნიციპალიტეტების ხელოვნური დაყოფაა:
“დაგეგმილია სოფლების გაერთიანება რაიმე სქემის გარეშე, ძალიან სწრაფ ტემპში. თუმცა, რეალურად, როდესაც ეს სოფლები გაერთიანდებიან, მათ ქმედითი თვითმმართველობა არ ეყოლებათ. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საკრებულო უნდა აირჩიონ, მაგრამ იმ საკრებულოსთვის დღეს შენობაც კი არ არის. როგორ მოესწრება ეს ექვს თვეში, თუ დღესვე არ დაიწყო ამის მშენებლობა?!
გურიის მაგალითზე ეს პრობლემა ოზურგეთს ექმნება, რადგან ის რამდენიმე მუნიციპალიტეტად დაიყოფა.
მოხდება სოფლების სრულიად ხელოვნური გაერთიანება და თემებად ჩამოყალიბება. მაგალითად, ისევ ოზურგეთის სოფლები – სოფელ ძიმითის და ნასაკირალის გაერთიანებული თემი ავიღოთ. ძიმითელს თავისი ადგილობრივი თვითმმართველობა ნასაკირალში ექნება, თუმცა ამ ორ სოფელს შორის პირდაპირი გზა არ არის; ამიტომ, ძიმითელს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემის გადასაჭრელად ოზურგეთის გავლით ნასაკირალში ჩასვლა მოუწევს. ანუ ის იდეა, რომ მოსახლეობა თვითმმართველობას დაუახლოვდება, ამ გადაწყვეტილებიდან სულაც არ გამომდინარეობს, პირიქით. აქ იქმნება იდენტობის პრობლემაც, ძიმითელს უნდა ნასაკირალთან ერთად ერთ ერთეულში ყოფნა? ამას არავინ კითხულობს. როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო, მაშინ ეს პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ როცა ამის ხელოვნურად გაერთიანება მოხდება, ეს პრობლემაც დადგება”, – აცხადებს ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, მეორე პრობლემა უკვე რეგიონების შექმნაა: “კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ რეფორმით ყველა ის ნიშანი იქმნება, რაც რეგიონისთვისაა დამახასიათებელი – ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს თავისი ტერიტორია და თვითმმართველობის ორგანოები, აქვს თავისი უფლებამოსილებები და ჰყავს მოსახლეობა. პავლეს თუ სავლეს დაარქმევენ, და მას პავლეს ფუნქციებს მიანიჭებენ, ის მაინც პავლე არ იქნება?! რეალურად იქნება რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით. განსაკუთრებით საშიშია, რომ პროექტის მიხედვით, რეგიონულ ხელისუფლებას ინსტიტუციურად “ორმაგი” და წინააღმდეგობრივი ბუნება აქვს: ერთი მხრივ, რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოსგან დაკომპლექტებული რეგიონული საბჭო; მეორე მხრივ, რეგიონის, როგორც იურიდიული პირის მეთაური და იმავდროულად აღმასრულებელი ორგანო – სახელმწიფო რწმუნებული ანუ გუბერნატორი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერაა დანიშნული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის არა საბჭოს, არამედ მთავრობის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამით მთლიანად უგულებელყოფილია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის კონცეფცია, ასევე საქართველოს კონსტიტუცია, სადაც აღნიშნულია, რომ აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.
კატეგორიულად მიუღებელია, რომ მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება ნებისმიერად შექმნას ე.წ. მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება, თავისი სურვილისამებრ შეიყვანოს მათში თვითმმართველი ერთეულები და ხელმძღვანელად ამ გაერთიანებას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი დაუნიშნოს. ამ შემთხვევაში, გამოდის არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია”, – აღნიშნავს ზარდიაშვილი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, არის კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მთავრობის ფუნქციების გაძლიერებას გულისხმობს: “რეგიონის დონე ქმნის იმის საფუძველს, რომ თვითმმართველობების ავტონომიები შეიზღუდება; ეს აქამდეც იყო, მაგრამ კანონით არ იყო გაწერილი, ახლა კი ეს დაკანონდება. ამასთან, ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ მთავრობის ფუნქციები ძლიერდება, პირველ რიგში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები, რომელსაც კანონის მიღებიდან უკვე თავისუფლად შეგვიძლია თვითმმართველობის სამინისტრო ვუწოდოთ. ამ სამინისტროს ხელში ერთდროულად თავს იყრის სისტემის მონიტორინგის ექსკლუზიური ფუნქცია, სამართლებრივი ზედამხედველობა და კომუნიკაციების მართვის ფუნქცია. ეს, რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური ხელმძღვანელობაა და აი, რა ყალიბდება: ცენტრალურ დონეზე არის პრემიერმინისტრის რეგიონული პოლიტიკის ოფისი, მისი უფლებები ძლიერდება, რადგან ამ კოდექსს თანმდევი პროექტი მოყვება – მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები; შემდეგ იქნება გუბერნატორები, სადღაც ქვემოთ კი, დაშლილ-დანაწევრებული თვითმმართველობა. ეს არის დღევანდელი სახელისუფლებო პროექტის მთელი არსი, თუმცა, ავტორები გვეუბნებიან, რომ ეს ევროპული ტიპის თვითმმართველობაა, რაც, ჩემი აზრით, ცინიზმია”, – ამბობს დავით ზარდიაშვილი.
მოამზადა თამთა კაკაურიძემ