პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის განცხადებით, ქვეყანა არ დაუტოვებია და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მირზა სუბელიანის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი” ავრცელებს.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში,” – აცხადებს მირზა სუბელიანი.
ზაზა სარალიძის მთავარი პრეტენზია შეეხება იმას, რომ მირზა სუბელიანი დაკითხულიც კი არაა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც “რუსთავი 2″–ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ იგი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია. მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.