საბჭოს წევრების მიერ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ ინფორმაციას ქარტიის იურისტი დავით კლდიაშვილი ადასტურებს.
განმცხადებლების აზრით, 15 დეკემბერს „იმედის“ გადაცემა „პანორამაში“ გასული ტელესიუჟეტი – „სიმბოლოები, ინტერპრეტაციები, ანტიდასავლური განწყობები, რეალობა და მითი, გლობალიზაცია“ არღვევს ქარტიის დებულების პირველ პრინციპს.
„ამ პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში წერია, რომ „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა, – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია“, – წერია ქარტიაში შესულ განცხადებაში.
განმცხადებლები რამდენი არგუმენტს ასახელებენ იმის საილუსტრაციოდ, რომ ქარტიის პირველი პრინციპი ნამდვილად არის დარღვეული:
არგუმენტი პირველი: „რესპონდენტი ბესო მიქავა, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე: “ყველა მონაწილე ვართ რაც ამათ [სააკაშვილის ხელისუფლებამ] ქნეს 2007-ში, 26 მაისს 2011-ში, არსაიდან ხმა, არც ერთი ძახილი არ ყოფილა [ძალადობის დაგმობა დასავლური მთავრობების და ორგანიზაციების მხრიდან]. ეს ფაქტია. როდესაც იქ, პროვოკაციულად, ვიღაცას ორი სიტყვა [უთხრეს], 17 მაისს, იმ წუთას აყვირდა მთელი ევროპა და ევროსტრუქტურები“. – რესპონდენტის ეს ფრაზა არ შეესაბამება სიმართლეს, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა და ორგანიზაციებმა ნეგატიურად შეაფასეს როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, ასევე 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა.
არგუმენტი მეორე: რესპონდენტი ბესო მიქავა : „ევროკავშირი არ მალავს თავის პოზიციას, რომ ის ითხოვს, რომ სანამ ევროკავშირში გაწევრიანდები, იმ საკითხებს, რომ არ უნდა იყოს ეროვნება, არ უნდა იყოს სარწმუნოება“. რესპონდენტის ეს ფრაზა არ შეესაბამება სიმართლეს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არ არსებობს მსგავსი პირობები. რესპონდენტის ამ მტკიცებას არც სხვა რესპონდენტის კონტრარგუმენტი მოსდევს და არც ჟურნალისტის მიერ არის მისი სიზუსტე გადამოწმებული“.
არგუმენტი მესამე: „რესპონდენტი ზურაბ მხეიძე, ფსიქოლოგი: „მე, მაგალითად, მითხრეს, რომ პირველი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ ამერიკელებმა შემოგვთავაზეს საშუალო სკოლის განათლებაში, რაც მე მითხრეს, მე მითხრეს, რომ დაახლოებით ჩვენ რომ ვსწავლობდით, მე და თქვენ, ეს იყო მეოთხე კლასის დონემდე, ანუ დამთავრებული ბავშვს დაახლოებით ის ცოდნა ექნებოდა, რაც მე და თქვენ მეოთხე კლასის დროს გვქონდა“. რესპონდენტის ამ მტკიცებაში არ არის გამოვლენილი წყარო და ინფორმაციის სიზუსტე არ არის გადამოწმებული ჟურნალისტის მიერ“.
საჩივარში საუბარია ასევე რესპონდენტების შერჩევაზე, ბალანსის დარღვევასა და მძაფრ მუსიკაზე, რომელიც სადოსიუჟეტს ჰქონდა დადებული. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოარქივის გამოყენება (სალვადორ დალის ნახატი, რომელზეც ჰერმაფროდიტი ადამიანი მსოფლიო რუკისკენ, კავკასიის მიმართულებით, იშვერს ხელს. ამ კადრებზე ასევე დატანილია ციფრები – „666“ და წარწერა – „ანტიქრისტე“.) საჩივრის ავტორებს ასე აქვთ შეფასებული: „მსგავს კადრებს აუცილებლად უნდა ედოს გამაფრთხილებელი წარწერა და მხოლოდ წამყვანის გაფრთხილება საკმარისი არ არის. ეს თავის დროზე იგივე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულმა “მოდელირებულმა ქრონიკამ” გვიჩვენა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესულ განცხადებას ხელს 14 ადამიანი აწერს. საჩივრის ავტორები არიან:
სანდრო კაკაბაძე, ჟურნალისტი
რუსუდან რამიშვილი, უცხო ენების სპეციალისტი
თინათინ ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი
გუგა აბაშიძე, ლოჯისტიკის მენეჯერი
სოფო ჩხაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
თამარ ბუხრაშვილი, მარკეტინგის სპეციალისტი
თამარ ნუცუბიძე, ჟურნალისტი
დიმიტრი ბოკერია, იურისტი
ქეთი ებანოიძე, ჟურნალისტი
ნანა ჯაფარიძე, ქიმიკოსი
ლალი ჩხეტია, იურისტი
მედეა კევლიშვილი, მარკეტოლოგი
გოგიკო საყვარელიძე, არქიტექტორი
სალომე სვანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი