ახალი ამბები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

31 მაისი, 2018 • 1595
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ნეტგაზეთი აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო, საქმეზე არასათანადო ზეგავლენის არსებობის შესახებ საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილად გამოძიება.

საზოგადოებაში წლებია არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიუკერძოებლად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან,”- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი