ახალი ამბები

კობახიძე ამბობს, რომ სარალიძის მკვლელობის საქმეში გვარამია-რუსთავი2-ის ინტერესს ხედავს

31 მაისი, 2018 •
კობახიძე ამბობს, რომ სარალიძის მკვლელობის საქმეში გვარამია-რუსთავი2-ის ინტერესს ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ, განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ცდილობს, საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ირაკლი კობახიძე საუბრობს მკვლელობის საქმეზე არსებულ პოლიტიკურ ინტერესზე და ნიკა გვარამიასთან ერთად არხის ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და “ნაციონალურ მოძრაობასაც” ახსენებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ადამიანები ამ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

“ამ პროცესების უკან პოლიტიკური ინტერესები აშკარად ჩანს. ვინ არის ამის ლიდერი, ესეც აშკარაა.  დღეს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი განცხადება წავიკითხეთ, რომელიც კომისიის შექმნას უკავშირდება. ბატონი გვარამია ადამიანებს აჯანყებისკენ პირდაპირ მოუწოდებს. ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია და ასეთივე პოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც. ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ეს არის უბინძურესი კაცი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ სისხლიან დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი “ნაციონალური მოძაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესის ნიშნები,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი