ახალი ამბები

ზაქარია ქუცნაშვილი – გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გადამოწმდეს

31 მაისი, 2018 •
ზაქარია ქუცნაშვილი – გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გადამოწმდეს

პარლამენტში დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გადაამოწმოს იმისთვის, რომ პროკურატურაზე ეჭვი არ არსებობდეს.

“ოჯახს ეჭვი აქვს გამომძიებლების მიმართ. ოჯახი ამბობს, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, ხოლო გამომძიებლები არასწორად მოიქცნენ. ამიტომაც, ხომ არ ჯობია უფრო თამამები ვიყოთ.  დღეს ეჭვი არსებობს და ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს ან დადასტურდეს. არ შეიძლება პროკურატურა ეჭვის ქვეშ იყოს. გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გადამოწმდეს და თუ დადასტურდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, პასუხისმგებლობის წონა უკვე სასამართლოზე გადავა,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი