ახალი ამბები

ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები პროკურატურასთან აქციას მართავენ [live]

31 მაისი, 2018 • 2555
ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები პროკურატურასთან აქციას მართავენ [live]

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც მკვლელობის საქმეზე განაჩენი გახდა ცნობილი, პროკურატურასთან მიდიან.

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. ზაზა სარალიძე ასევე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის შეთავაზების მიუხედავად, მთავარ პოროკურორთან შეხვედრას არ აპირებს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

ის ირაკლი შოთაძეს ბრალდებულების მფარველობაში ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ზაზა სარალიძე ყველა მოქალაქეს მხარდაჭერას სთხოვს განურჩევლად მათი შეხედულებებისა. “სისტემამ შეურაცხყო ჩემი შვილის სული და მე ამ სისტემას დავანგრევ” – ამბობს მოკლული დავით სარალიძის მამა.

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ გამამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა. სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამამ, მირზა სუბელიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა,  საგამოძიებო უწყებას   გათავისუფლების მოთხოვნით, 3 დეკემბერს მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და   სამსახურიდან გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი