ახალი ამბები

განმარტებები მთავარი პროკურორის ატესტატსა და დიპლომზე

20 დეკემბერი, 2013 • 2118
განმარტებები მთავარი პროკურორის ატესტატსა და დიპლომზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:

“გუშინ შევედი პროკურატურის ვებ-გვერზე და წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი დაუმთავრებია 1995 წელს, ე.ი 19 წლის ასაკში. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში”.

ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ მართლაც 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ბიოგრაფიის თანახმად, მთავარ პროკურორს სხვა სახის უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ზემოხსენებული უნივერსიტეტი 1991 წელს დარეგისტრირდა, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია 1995 წელს გაიარა. დღეისათვის ეს უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში არ არის.

1

მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ფარცხალაძის დიპლომს და ატესტატის ასლებს აუცილებლად მოგვაწვდიან ახლო მომავალში:

“ყველა ინფორმაციას მოგვაწვდიან და არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, დროის ამბავია, რომ ფიზიკურად მოგვაწოდონ დიპლომიც და ატესტატიც. პრობლემა არ არის, მოგაწვდით და ძალიან მალე გახდება საჯარო. ამაზე მეტი პრობლემა არ მოგვცეს ღმერთმა”, – აცხადებს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაამთავრა ფარცხალაძემ უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, პრესსამსახური ამბობს:

“მას სკოლაში სწავლის პერიოდში ექსტერნად, წინასწარ ჰქონდა ნასწავლი პროგრამა და გადაახტუნეს კლასი”.

დოლიძე არ ფლობს ინფორმაციას, რამდენი კლასის პროგრამა იცოდა წინასწარ ფარცხალაძემ და, შესაბამისად, რამდენი სასწავლო წელი გამოტოვა მთავარმა პროკურორმა სკოლაში. მისივე თქმით, ყველა ამ სახის ინფორმაცია, თუ როდის ჩირიცხა იგი უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, მალე გახდება საჯარო:

“ზუსტად ეგ არ ვიცი. მე ვიცი მიზეზი, რომ თემა არის ეგ, სწორედ მანდ მოხდა ცდომილება. თბილისის #60 საჯარო სკოლაში სწავლობდა ბატონი ოთარ ფარცხალაძე. როცა ბავშვმა პროგრამა იცოდა, იმ დროს იყო პრაქტიკაში, რომ “წინ გახტუნებდნენ”.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით კი, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ და არ უნდა გაჩნდეს კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით:

“მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წამოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრების და უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები”, – ამბობს ხატიაშვილი.

“რა დროს ოთარის [ფარცხალაძე] 25 წლის წინანდელი კლასში წინ გადახტომის ამბავია, სხვა პრობლემა არ აქვს  ჩვენ ქვეყანას? ამდენი სერიოზული საქმეა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ შეუძლია, რომ სერიოზულ თემებს ჩაეძიოს. ჯობია უფრო სერიოზულად მივუდგეთ… გოგა ხაჩიძის [ქმედებას] კლონირებას ნუ უკეთებს ბატონი ხატიაშვილი. სერიოზულ საქმეებზე გვედებატოს, ჩაგვეძიოს, დიდი სიამოვნებით. არ შეიძლება ჭორიკნობის და სისულელის დონეზე დავიყვანოთ ყველაფერი. უმტკივნეულოდ მოგვარდება ეგ პრობლემა, ნახავს ყველა მის ატესტატსაც და დიპლომსაც. არ შეიძლება ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა”, – აცხადებს თემო დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დიპლომის გამოქვეყნებას უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი