ახალი ამბები

ძიუდოს საკითხზე შექმნილმა კომისიამ დავით ქევხიშვილის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

30 მაისი, 2018 • 3031
ძიუდოს საკითხზე შექმნილმა კომისიამ დავით ქევხიშვილის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გამოიკვლია ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისადმი ძიუდოისტების მიერ წაყენებული ბრალდებები და დავით ქევხიშვილს ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ 29 მაისს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ გიორგაძე

“დავით ქევხიშვილის გადადგომის რეკომენდაციის საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. მოვუწოდებთ კონფლიქტის რეგულირებისთვის ორივე მხარეს, რომ სამინისტროს საპარლამენტო კომიტეტის მედიაციით დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შესაბამისი სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ მაქსიმალური პირობები შეექმნათ სპორტმსენებს,” – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიას რამდენიმე დღის წინ გამოუცხადეს უნდობლობა ძიუდოისტებმაც.

სპორტული კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელი, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ხაბარელი იმ ძიუდოისტთა პოზიციას იზიარებს, რომლებიც რამდენიმე კვირაა დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

ძიუდოს სკანდალი დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს საკითხზე შექმნილმა კომისიამ ვერ აღმოაჩინა ისეთი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩენილიყო ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი. კოლეგისა და თანაგუნდელის განცხადებას შოთა ხაბარელმა სიცრუე უწოდა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ყველას ვალია სამართლიანობის დაცვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ინსტიტუტები. მისი თქმით, არავინ უნდა დააყენოს პირადი ინტერესები ქართულ სპორტზე მაღლა.

როგორც ყაველშვილმა აღნიშნა, კომისიამ მოუსმინა ორივე მხარეს, დეტალურად შეისწავლა მათი არგუმენტები და ვერ აღმოაჩინა ის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი:

მიხეილ ყაველაშვილი

“ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ არსებობს დარღვევები, ისინი უნდა გამოიკვლიონ კანონით დადგენილი წესით კომპეტენტურმა ორგანოებმა.

რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე, ამას წყვეტს ფედერაციის ყრილობა და ყველა ჩვენგანი ვალდებულია პატივი სცეს სპორტული ფედერაციის დამოუკიდებლობის და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.”

მიხეილ ყაველაშვილმა მოუწოდა ძიუდოისტებს, დაუბრუნდნენ საჭიდაო ხალიჩას, გააგრძელონ საქართველოს სახელით გამოსვლა და “არ დააყენონ თავი მთელი ქართული ძიუდოს საპირწონედ.” ყაველაშვილის განცხადებით, სპორტის მინისტრთან ერთად მზადაა ორივე მხარესთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს კომფლიქტი.

მიხეილ ყაველაშვილის შემდეგ ძიუდოს ფედერაციაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა მისი მოადგილე, შოთა ხაბარელი. თანაგუნდელისგან განსხვავებით, ხაბარელი ამტკიცებს, რომ სპორტულმა კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ დავით ქევხიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფინანსურ მანიპულაციასა და მწვრთნელების უმიზეზოდ გათავისუფლებას.

“არცერთ კომისიას, არცერთ უწყებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ფედერაციის საქმიანობაში. ზუსტად კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, გუშინ მინისტრმა [მიხეილ გიორგაძე] გამოაცხადა, რომ იყო დარღვევა – ფინანსური მანიპულაცია. ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ. ასევე, იყო შეცდომა მწვრთნელების შეცვლა.

ამ დარბაზში ვიხილეთ ყველაზე დიდი სიცრუე, რომელიც იყო ნათქვამი. საზოგადოებას ჩვენ ვაწვდით დეზინფორმაციას.  მინდა ყველამ გაიგოს, ისინი არიან ჩვენი ერის შვილები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური პროტესტი და ამის ლეგიტიმური დასკვნა დადო კომისიამ.

შოთა ხაბარელი, ქართული ოცნების დეპუტატი

დღეს ამ დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი ყოფილა. ეს ხომ დეზინფორმაცია და სიცრუეა? ეს იყო პირდაპირ სიცრუე და როდის უნდა დავუპირისპირდეთ ამ სიცრუეს? გუშინ გამოვიდა მისნიტრი და თქვა, რომ იყო შეცდომა ფინანსური მანიპულაცია და მწვრთნელების გადაყენება,” – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ნაკრების ლიდერები დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ

ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას მაისის დასაწყისიდან ითხოვენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ცუდ მართვაში ადანაშაულებენ და უნდობლობას უცხადებენ.

ძიუდოისტებმა რამდენიმე აქცია აქამდეც გამართეს იმავე მოთხოვნით. გაიმართა ძიუდოს ფედერაციის ყრილობაც, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

დავით ქევხიშვილის მომხრეები კი ამბობენ, რომ მისი მმართველობის დროს პრობლემების ნაწილი მოგვარდა, ფედერაციას გადაეცა შენობა, ასევე მოგვარდა რეგიონებში მწვრთნელების დანიშვნის საკითხი.

27 მაისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ძიუდოისტებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ფედერაციაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან ან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი