ახალი ამბები

ძიუდოისტებს ივანიშვილთან შეხვედრა სურთ – აქცია პარლამენტთან

27 მაისი, 2018 • 2820
ძიუდოისტებს ივანიშვილთან შეხვედრა სურთ – აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტის წინ ძიუდოისტების ნაწილი აქციას მართავს. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა, ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურთ.

“(გვინდა შევხვდეთ მათ), ვისაც შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა. თუ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდება, ძალიან კარგი იქნება”,- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.


ლიპარტელიანის თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია – დავით ქევხიშვილმა უნდა დატოვის დაკავებული თანამდებობა. ძიუდოისტის თქმით, ერთი თვე იქნება რაც ვერ ახერხებენ სრულფასოვან ვარჯიშს.

ლიპარტელიანის თქმით,  მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას არ დატოვებს.

“არ ვაპირებთ ტატამზე შესვლას”, – ამბობს ლიპარტელიანი.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გვითხრა, რომ იმედი აქვს, ბიძინა ივანიშვილი მათ მოუსმენს.

“ის დაბრუნდა პოლიტიკაში და თუ მოგვისმენს, ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.

კითხვაზე, ივანიშვილის ჩართვა ამ საკითხის გადაწყვეტაში ძიუდოს პოლიტიზებას ხომ არ მოახდენს, ჭრიკიშვილმა გვიპასუხა, რომ ისინი პოლიტიზებულს არ ხდიან ამ საკითხს და მათ უკან არავინ არ დგას.

ჭრიკიშვილი ამბობს, რომ ნდობა აქვს დაკარგული მოლაპარაკების პროცესისადმი და ქევხიშვილის უპირობოდ გადადგომას ითხოვს.

აქციას ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები ესწრებიან.


ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას მაისის დასაწყისიდან ითხოვენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ცუდ მართვაში ადანაშაულებენ და უნდობლობას უცხადებენ.

ძიუდოისტებმა რამდენიმე აქცია აქამდეც გამართეს იმავე მოთხოვნით. გაიმართა ძიუდოს ფედერაციის ყრილობაც, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

დავით ქევხიშვილის მომხრეები კი ამბობენ, რომ მისი მმართველობის დროს პრობლემების ნაწილი მოგვარდა, ფედერაციას გადაეცა შენობა, ასევე მოგვარდა რეგიონებში მწვრთნელების დანიშვნის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი