საქართველოში ყველა ინსტიტუციის რეიტინგი შემცირებულია – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს, 30 მაისს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყველა ინსტიტუციის რეიტინგი შემცირებულია.

პოლიცია

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლიცია მოსწონს მოსახლეობის 50%-ს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. პოლიციის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 2004 წელს 49% იყო და მას შემდეგ ძირითადად ზრდის ტენდენცია აღინიშნებოდა. პოლიციას 2013 წელს ჰქონდა 88-პროცენტიანი რეიტინგი, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი იკლებს. 2015 წლის თებერვალში პოლიციის რეიტინგი იყო 50%, შემდეგ იყო მცირე ზრდა 59%-მდე, თუმცა 2018 წლის აპრილის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ისევ 50 პროცენტია.

ამის პარალელურად, 43%-მდე არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც პოლიცია არ მოსწონს. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი შედეგია. პოლიციის უარყოფითი რეიტინგი 2004 წელს იყო 40% და მას შემდეგ პოლიციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იკლებდა. პოლიციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ზრდა 2013 წლიდან დაიწყო. 2013 წლის მაისში პოლიციის მიმართ მხოლოდ 6 პროცენტს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება.

საჯარო განათლების სისტემა

განათლების სისტემას ყველაზე მაღალი, 67-პროცენტიანი მოწონების მაჩვენებელი 2011 წელს ჰქონდა, მას მერე კი ეს რეიტინგი იკლებს. 2018 წლის აპრილის მონაცემებით, განათლების სისტემის რეიტინგი 49 პროცენტამდეა დაცემული. პარალელურად, ბოლო ოთხ წელიწადში 25 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა განათლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი.

პრეზიდენტის ოფისი

IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ოფისის მიმართ 64-პროცენტიანი ნდობის მაჩვენებელი იყო გიორგი მარგვლეაშვილის არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის თებერვლაში. მას შემდეგ ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი იკლებს და დღეს მისი რეიტინგი მხოლოდ 43 პროცენტია. პარალელურად, 52%-მდეა გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც არ მოსწონს პრეზიდენტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკო-ს რეიტინგმა გაუარესება 2013 წლის მაისიდან დაიწყო. ამ დროს ცესკო-ს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებლი ბოლო 14 წელიწადში ყველაზე ნაკლები, 18 პროცენტი იყო. უკვე 2018 წელს ეს მაჩვენებელი გაზრდილია 52 პროცენტმადე. ასეევ, 36 პროცენტამდეა დაცემული ცესკო-ს მოწონების მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრის ოფისი

პრემიერ-მინისტრის ოფისის რეიტინგი 2014 წელს 67% იყო. ამ დროს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. შემდეგ, ამ რეიტინგმა კლება დაიწყო და თავად ღარიბაშვილის პრემიერობისას 45%-მდე დაეცა. პრემიერ-მინისტრის ოფისის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზე ვერ იმოქმედა ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნამ. მას შემდეგ ეს რეიტინგი მუდმივად იკლებს და დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 34 პროცენტია. პარალელურად, 56 პროცენტამდეა გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულებაც (2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14% იყო).

მინისტრთა კაბინეტი

“ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტს ყველაზე მაღალი, 81-პროცენტიანი რეიტინგი 2012 წლის ნოემბერში ჰქონდა, 2018 წლის აპრილის მონაცემებით კი 34%-მდეა დაკლებული. ასევე, 10%-დან 60%-მდეა გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი.

პარლამენტი

მთავრობის მსგავსად, ყველაზე მაღალი, 82-პროცენტიანი რეიტინგი “ქართული ოცნების” უმრავლესობით დაკომპლექტებულ პარლამენტს 2012 წლის ნოემბერში ჰქონდა. დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებლიც 34%-მდეა დაცემული. რაც შეეხება უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელს, 11%-დან 62%-მდეა გაზრდილი.

ომბუდსმენი

IRI-ის კვლევის მიხედვით, კლების ტენდენცია აქვს ომბუდსმენის ოფისსაც. თუ 2011 წელს ომბუდსმენის ოფისის დადებითი რეიტინგი 50% იყო, 2018 წელს არის 30%. ასევე, 2011 წლიდან (16%)  დღემდე 44%-მდე გაიზარდა უარყოფითი დამოკიდებულება.

პროკურატურა

პროკურატურას ბოლო 14 წელიწადში ყველაზე მაღალი, 14-პროცენტიანი რეიტინგი 2013 წლის თებერვალში ჰქონდა. მას მერე მისი რეიტინგი მკვეთრად იკლებს და დღეს მხოლოდ 26 პროცენტია, რაც 2004 წლიდან დღემდე ყველაზე ცუდი შედეგია. პროკურატურის მიმართ 2018 წელს არსებული უარყოფითი მაჩვენებელი (52%) 2004 წლიდან დღემდე ჩამორჩება მხოლოდ 2007 წლის სექტემბრის მაჩვენებელს (60%).

სასამართლო

პროკურატურისა და სხვა ინსტიტუციების მსგავსად, შემცირებულია სასამართლოს რეიტინგიც. სასამართლოს საქმიანობას, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, მხოლოდ 25 პროცენტი აფასებს დადებითად. ეს რეიტინგი ყველაზე მაღალი, 62% 2013 წლის თებერვალში იყო და მას შემდეგ კლების ტენდენციაა.

ეროვნული ბანკი

ეროვნულ ბანკს ყველაზე მაღალი რეიტინგი 2011 წლის ნოემბერში ჰქონდა (67%). 2018 წელს მისი რეიტინგი მხოლოდ 22 პროცენტია. რაც შეეხება უარყოფით დამოკიდებულებას, ის არის 67 პროცენტი, რაც ბოლო წლებში მზარდი ტენდენციის მაჩვენებელია.

პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური პარტიების მიმართ დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 21 პროცენტს აქვს, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება უარყოფით დამოკიდებულებას, ის 68 პროცენტია. ეს მაჩვენებელი ზუსტად ემთხვევა 2003 წლის მაისის მაჩვენებელს. პოლიტიკური პარტიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ზრდა 2013 წლის მაისიდან დაიწყო და პიკს 2016 წლის მაისში (73%) მიაღწია. ბოლო ორ წელიწადში კი უარყოფითი დამოკიდებულება მცირედით შემცირდა (68%).

გუბერნატორები

კლების ტენდენცია ახასიათებს გუბერნატორების ინსტიტუტის რეიტინგსაც. 2011 წლის 51-პროცენტიანი რეიტინგი 2018 წელს მხოლოდ 19 პროცენტია.

ქართული არმია

არმია ეკლესიასთან ერთად არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია საქართველოში. მისი რეიტინგი 83%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელიც დაკლებულია 2013 წელთან (93%) შედრებით.

რაც შეეხება ეკლესიას, სხვა ინსტიტუციების მსგავსად, დაკლებულია ეკლესიის რეიტინგი და ის 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს  საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.