ახალი ამბები

როგორი იქნება 2020 წელი პოლიტიკური პარტიებისთვის

19 დეკემბერი, 2013 •
როგორი იქნება 2020 წელი პოლიტიკური პარტიებისთვის

“პოლიტიკური ლანდშაფტი 2020 – პარტიების მომავალი” ორდღიანი კონფერენციაა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

კონფერენციის მასპინძელი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ  2020 წელი პირობითად შერჩეული თარიღია და კონფერენციის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაზე მსჯელობაა. 

 

“ეს კონფერენცია ეძღვნება მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს, რომლებიც ეხება საქართველოს პოლიტიკური პარტიების განვითარებას. ჩვენ ამ კონფერენციით შევეცადეთ, რომ გადავაბიჯოთ მიმდინარე ყოველდღიურ პოლიტიკურ საკითხებს და ვიზრუნოთ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გავაუმჯობესოთ ქართული პოლიტიკური სისტემის ხარისხი”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა. 

 

ცუცქირიძის თქმით, კონფერენციაზე 9 თემატური დისკუსია მოეწყობა. ესენია: პარტიების განვითარება, შიდაპარტიული დემოკრატია, პოლიტიკური სისტემა, არჩევნები, კანონმდებლობა, ქალთა მონაწილეობა, საერთაშორისო ურთიერთობები. 

 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა. მან ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია პარტიების დაფინანსების წყაროების არსებობა, როგორც ბიუჯეტიდან, ისე კერძო დამფინანასებლების მხრიდან. 

 

მისი თქმით, ყველაზე სტაბილური დაფინანსება სწორედ შემოწირულობაა, რომელსაც პარტიის მხარდამჭერი გაიღებს იმ იდეისთვის, რომლისთვისაც პარტია იბრძვის. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლიდერის როლს პარტიის განვითარებისთვის. 

 

უსუფაშვილის განმარტებით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ლიდერის როლი, მეორე მხრივ, ლიდერი არ უნდა იყოს იმ მიზნებზე, ღირებულებებზე მაღლა, რომელსაც პარტიის წევრები იზიარებენ. 

 

“თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, კონფერენციის ჩატარების თანაავტორი მეც გახლავართ. ჩვენი შეთავაზება იყო, გაგვეკეთებინა ასეთი ღონისძიება- “საქართველო 2020″ და ცოტა უფრო ფართო პერსპექტივიდან შეგვეხედა საკუთარი თავისთვის. გაცილებით მარტივია შევთანხმდეთ მომავალზე, ვიდრე დღევანდელ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა “ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დემოკრატია მრავალპარტიულობის გარეშე ვერ მიიღწევა. 

 

“მრავალპარტიულობას აუცლებლად სჭირდება საერთაშორისო თანადგომა. დღევანდელ კონფერენციაზე შევეცდებით ერთად შევაფასოთ ჩავლილი პოლიტიკური პროცესები და ერთად დავსახოთ გზა რეალური მრავალპარტიულობისა და დემოკრატიის განვითარებისთვის”,- თქვა მამუკა კაციტაძემ.

 

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერს უჭირს გრძლევადიანი პროგნოზის გაკეთება და ვერ ამბობს, თუ როგირი იქნება 2020 წელი საქართველოში.

 

“საქართველოში ცოტა რთულია გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა იმდენად, რამდენადაც სტაბილური ინსტიტუციური განვითარება ვერ ხდება ქვეყანაში. მე ვისურვებდი, რომ ხელი შეეწყოს პოლიტკურ პარტიებს ინსტიტუციური განვითარებისთვის, ასევე, შიდაპარტიული განვითარებისთვის, ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის ახალგაზრდების როლის გაზრდისთვის,”- ამბობს კაციტაძე. 

 

თავის მისასალმებელ სიტყვაში პარლამენტარმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ ყურადღება “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე, როგორც 2012 წლის არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა. 

 

პარლამენტარის თქმით, “ნაციონალურ მოძრაოაბას”, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეფექტურად მიეღო გადაწყვეტილებები, თუმცა ვერ შეძლო გაეთვალისიწინება მოქალაქეების მოლოდინები, რამაც გადაწყვიტა პარტიის დამარცხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

ბარამიძის თქმით, დამარცხების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ცვლილების განხორციელება.

 

“არსებობდა პარტიული ელიტა, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უგზავნის მთელ სისტემას, რომელიც მოქმედებს ძალიან ორგანიზებულად. ამან ძალიან პოზიტიური შედეგი მოგვიტანა”- ამბობს ბარამიძე.

 

მისი განმარტებით, საქართველოში უსწრაფესად განხორციელდა რეფორმები საგადასახადო სისტემაში, საბაჟო რეფორმები, პოლიციის რეფორმა და “ეტაპობრივი” რეფორმები ჯარში, სხვადასხვა ინსტიტუტებში.

 

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ პარტიამ დაისახა ახალი მიზნები და იგი კიდევ უფრო ნაკლებად ორიენტირებულია პიროვნებებზე. 

 

“შევეცადეთ არჩევნების შემდგომ გამოგვეყენებინა ვითარება, იმიტომ, რომ ნებისმიერ წარუმატებლობას აქვს გამანადგურებელი ეფექტი, როდესაც შენ არ გაქვს შესაძლებლობა ადეკვატურად შეაფასო შენი პლიუსი და ნაკლი, განაცხადა ბარამიძემ.  

 

კონფერენცია სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება. მას როგორც პარლამენტში შემავალი პარტიები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი