ხორავაზე მკვლელობის საქმის პროკურორებზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

ხორავას ქუჩის საქმეზე დანიშნული პროკურორების მიამართ საქართველოს პროკურატურის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა 2 დღის წინ გამართულ პროცესს უკავშირდება, რის შემდეგაც ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ და დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა პროკურორები ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი მუქარაში დაადანაშაულეს.

პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციაში დაწყებული არის სამსახურეობრივი შემოწმება. ეს საგამოძიებო შემოწმება არის ახალი დაწყებული და ჩატარდება ყველა შესაბამისი მოქმედება. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის წინააღმდგობაში სხვა იმ მტკიცებულებებთან მოდის, რომელიც საქმეში არის და გამოძიების მიერ არის დადგენილი. ჩვენ დაველოდებთ პროცესის დასრულებას, რომ ვნახოთ, სასამართლო რა შეფასებას მისცემს როგროც ამ, ასევე სხვა მტკიცებულებებს,” – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პროკურორი ინა გუგუშვილი, რომელსაც ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ, დღეს სასამართლოში არ გამოცხადდა. მის მაგივრად პროკურორი მარიკა გოგოხია მივიდა. როგორც მან ტელეკომპანიას განუცხადა, რადგან საქმე დასკვნით ეტაპზეა, ის უბრალოდ ეხმარება მის კოლეგებს.

როგორც რუსთავი 2-ს დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნოკოლეიშვილმა განუმარტა, 26 მაისის დახურულ პროცესზე დაპირისპირების მიზეზი მის მიერ წარდგენილი დასკვნები გახდა. ნიკოლეიშვილის თქმით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას.

რაც შეეხება უშუალოდ დასკვნას, როგორც გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე განმარტავს, მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარდგენილ დასკვნებში ჩანს, რომ მის შვილს ჭრილობებიკიდევ სხვა საგნით აქვს მიყენებული, გარდა იმ ორი დანისა, რომელიც საქმის მასალებში დევს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აღნიშნული
საგანი შესაძლოა მაკრატელი იყოს.

ექსპერტიზის შესახებ კითხვით გუშინ გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძეს ნეტგაზეთმაც მიმართა. მისი თქმით, ის ყველა დეტალს ვერ იტყვის, თუმცა:

“მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა ფაქტები და ერთ-ერთი დანა, როგორც ნივთმტკიცება გაანადგურა. დანის ტარს აქვს დეფორმაცია მიღებული, რის გამოც ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება ამ ნივთზე შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ვეღარ დადგინდება, ამ კონკრეტული დანით რომელი ჭრილობა იყო მიყენებული,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან