გამოძიების ცნობით, ძველი თბილისის რაიონის გამგებლმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ 2007 წლის 1 მაისს, ნაცნობების: მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძის და კობა ყორღანაშვილის მეშვეობით დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც მისი დაფუძნების დღიდან იყვნენ თვითონ.
“ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები, ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს „გრინსერვისი“ ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომელიც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიების ცნობით, 2010 წლის 16 ნოემბერს საზოგადოების რეალურმა დამფუძნებლებმა შეცვალეს საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები და თანაბრად გაიყვეს ფირმის 100%-იანი წილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 1 381 487 ლარს, წილებზე საკუთრების მოპოვების კანონიერად წარმოჩენისათვის შეადგინეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები 100% წილის 400 ლარად შესყიდვის თაობაზე.
წილების ოფიცილურად გადაფორმების შემდეგ, 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერს და 2012 წლის 25 იანვარს ლაშა ფურცხვანაძემ და კობა ხარშილაძემ სამ ეტაპად განახორციელეს შპს „გრინსერვისის“ მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემა 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.