ახალი ამბებისამართალი

მოზარდების ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

3 დეკემბერი, 2017 •
მოზარდების ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართავს.

მირზა სუბელიანის განცხადებით, გარკვეულმა ჯგუფემა მისი სახელი და გვარი დაუკავშირა ამ შემთხვევას და შეგნებულად დაამახინჯა ფაქტები. მირზა სუბელინი აცხადებს, რომ მისი შვილი მხოლოდ შემსწრეა ფაქტის და არა ჩხუბის მონაწილე, თუმცა იმას, რომ ა.ს. მოზარდებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავად პროკურატურის განცხადება ადასტურებს.

  • გამოძიების ინფორმაციით, 51-ე სკოლის საპირფარეშოში უფროსკლასელებთან მომხდარი პირველი კონფლიქტის შემდეგ, სწორედ ა.ს-მ დაურეკა უფროს ნათესავს “დახმარების” თხოვნით, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს უმცროსი მეგობრების “დახმარების” მიზნით მოსულმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორმა უფროსკლასელმა 51-ე სკოლის ორი მოსწავლე მოკლა.

“პირველ რიგში, მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც შოკში ჩაგვაგდო.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს,” – ნათქვამია მირზა სუბელიანის განცხადებაში.

ნეტგაზეთი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცდილობდა გარკვევას, დააკმაყოფილებენ თუ არა მირზა სუბელიანის მოთხოვნას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვთ.

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი