„სურვილი მაქვს გამოვეხმაურო ბოლო დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის გარშემო შექმნილ სიტუაციას.
ჩემი, როგორც პრემიერ მინისტრის გუნდის წევრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამოკიდებულება ფუფნების საგნების შეძენასთან დაკავშირებით და ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობის განსაზღვრის საკითხზე, საზოგადოებას შეუძლია იმსჯელოს მთავრობის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობით. კერძოდ, არ მომხდარა პირადად ჩემი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განახლება. ასევე აპარატმა მიმდინარე პერიოდში წარმომადგენლობით ხარჯვით ნაწილში 900 ათასი ლარი დაზოგა, რომლის მიმართვაც იგეგმება სოციალურ სფეროში. რაც შეეხება მ. დუმბაძის მკვეთრ განცხადებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე -კატეგორიულად არ ვეთანხმები.
აღნიშნული კონტექსტი არანაირ კავშირში არ არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობასთან. ჩვენ ყველამ კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად დავიკავეთ აღნიშნული თანამდებობები. ა. ბერიძეც გახლავთ კოალიციის წევრი. შესაბამისად, პოლიტსაბჭოს სრული უფლებამოსილება აქვს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მისი პარტიის წევრის ქმედება პარტიის პოლიტიკას. მინდა შევახსენო ყველას, რომ ხალხის მიერ არჩეული ნებისმიერი თანამდებობის პირი გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საზოგადოების აზრს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. თუმცა ეს ხელს არ უნდა უშლიდეს მას თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას. მე, როგორც რეგიონის ხელმძღვანელს , არასოდეს მიგრძვნია სამართლებრივი ან სხვა რაიმე ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საქმიანობაში, კომპეტენციიასა და უფლებამოსილებაში ცენტრალური ხელისუფლებიდან უხეში ჩარევა. თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერას ჩარევად არ განიხილავენ.
მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდის წევრები და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ანგარიშვალდებულნი ვართ არა მარტო იმ პოლიტიკური ძალის წინაშე, რომლის სახესაც წარმოვადგენთ, არამედ იმ თითოეული მოქალაქის წინაშე, ვინც ქვეყნის მართვის სადავეები ჩაგვაბარა. ამიტომაც ჩვენი ყოველი ქმედების ამოსავალი წერტილი საქართველოში მცხოვრები ადამიანთა ინტერესებს უნდა ემყარებოდეს.“
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას გგმავდა, ამის თაობაზე შესყიდვების სამსახურმა ტენდერი იყო გამოცხადებუული, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭოს ავტოპარკინგს 2013 წელს გამოშვებული ჯიპი შეემატება, რომელშიც უმაღლესი საბჭო მაქსიმუმ 83 300 ლარს გადაიხდიდა.
წინასწარ გაწერილი მოთხოვნების მიხედვით, 2013 წელში გამოშვებული ავტომანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი უსაფრთხოების, ასევე მუხლისა და გვერდითი ბალიშებით, გარე განათების კონტროლის მექანიზმით, ელექტრომართვის სარკეებითა და წინა და უკანა პარკინგის სენსორით. მანქანას უნდა გააჩნდეს ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტოკონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუზსისტემა და მაცივარი.
აჭარის უმაღლესის საბჭოს გადაწყვეტილებას მკაცრი განცხადებები მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის და ვიცეპრემიერის, კახა კალაძის მხრიდან. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება. განვითარებული მოვლენების გამო ავთანდილ ბერიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ჯიპს აღარ შეიძენს.