ახალი ამბები

პატიმრის შესაძლო ცემის ფაქტზე სახალხო დამცველი სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს

14 დეკემბერი, 2013 •
პატიმრის შესაძლო ცემის ფაქტზე სახალხო დამცველი სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულ მ.გ-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი 2013 წლის 7 დეკემბერს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ცემეს.

 

“მ.გ. აცხადებს, რომ 7 დეკემბრის საღამოს მას დაწესებულების თანამშრომელ გიორგისთან მოუვიდა უმნიშვნელო შელაპარაკება. ამ ფაქტიდან 5 წუთში მსჯავრდებული საკნიდან ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს, სადაც დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდნენ (ერთი – სახელად გია, მეორეს სახელი არ იცის). ოთახში ასევე იყვნენ დაწესებულების თანამშრომელი ნიკა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სხვა თანამშრომლები. როგორც თავად აცხადებს, მას 5 წუთის განმავლობაში ცემდნენ დირექტორის მოადგილეები და სხვა თანამშრომლები, ურტყამდნენ ფეხებს და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლს. შემდეგ საკანში მიყავდათ, თუმცა გზაში, დერეფნის გავლისას მსჯავრდებულმა თავისი ცემის ამბავი სხვა მსჯავრდებულებს შეატყობინა, რის შემდეგაც იგი კვლავ ადმინისტრაციის ოთახში დააბრუნეს, დაადეს ხელბორკილები და განმეორებით ცემეს. მსჯავრდებულმა, ასევე, განაცხადა, რომ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები ექიმმაც  დააფიქსირა მის სამედიცინო დოკუმენტაციაში”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სახალხო დამცველის აპარატი, მსჯავრდებულზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  ცემის ფაქტთან დაკავშირებით 2013 წლის 9 დეკემბერს მ.გ.-მ საქართველოს მთავარ პროკურატურას  და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა, რა დროსაც მოითხოვა გამოძიების დაწყება. ასევე, მოითხოვა გამოძიების ფარგლებში მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და დერეფანში დამონტაჟებული ვიდეო-თვალით  დაფიქსირებული მასალების ამოღება.


სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს მსჯავრდებული სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტმა – ექიმმა მოინახულა. მონახულების ოქმის მიხედვით, მ.გ-ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: შესიებები, მოყვითალო, მოწითალო და მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები, მუქი ფერის სისხლჩაქცევები.

 

“ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება. არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად. სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, მსჯავრდებულ მ.გ-ს დაუყონებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა მოხდეს მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, წარმოშობისა და ხანდაზმულობის დადგენა. ამასთან, დაუყოვნებლივ გადაეცეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებული ზემოხსენებული საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება”.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი