პარლამენტის ადამიანის უფელბათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში 20 ათასზე მეტი ხელმოწერით პეტიცია შევიდა. პეტიციის თანახმად, უნდა მოხდეს 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა, რის შემდეგაც პარლამენტმა შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა გააკეთოს:
“ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვსწავლობდით საერთაშორისო ოფიცალური სტრუქტურების ანგარიშებს კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით. დასკვნა, რომელიც პარლამენტის ბიურომ დღეს უცვლელად დატოვა და მიიღო, არის შეფასება 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე. დადგინდა, რომ ამ წლებში ძირითად და ფუნდამენტურ კონსტიტუციური უფლებების დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, მათ შორის, როგორიც არის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, წამების აკრძალვა, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ქონების და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფა.“
ბესელიას განმარტებით, კომიტეტმა დაადგინა, რომ შს სამინისტრო და მთავარი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ დარღვევებით. აღნიშნულ უწყებებს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება უკვე გაეგზავნათ.