გიორგი ვაშაძის თქმით, სამწუხაროდ, თვითმმართველობის კოდექსი უკვე არის არა თვითმმართველობის, არამედ მმართველობის კოდექსი:
“ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: გუბერნატორის ინსტიტუტი არ უნდა იყოს თვითმმართველობის კანონში, რომელსაც ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება და არჩეული მერების და გამგებლების გადაყენება ყოველ მიზეზგარეშე, ნებისმიერი საფუძვლით არ უნდა შეეძლოს საკრებულოს. “
მისივე თქმით, საჭიროა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქების რიცხვი გაიზარდა. ასეთ კრიტერიუმად ვაშაძე მოსახლეობის რაოდენობას ასახელებს:
“ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ სოფლების პატარა მუნიციპალიტეტებად დაშლის, იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობენ. ეს ხელოვნური პროცესი იქნება და ვამბობთ, რომ თვითმმართველი ქალაქი უნდა შეიქმნას არა მარტო იმ 7 ქალაქში, არამედ ყველგან, სადაც 10 ათასზე მეტი მოსახლეობაა. ასეთ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იქნება 25 და მის გარშემო არსებული რაიონები იქნება თვითმმართველი რაიონები”.
უმცირესობა პრობლემას ფინანსებშიც ხედავს. კერძოდ, მათი თქმით, კოდექსის ამ ვარიანტში საუბარი არ არის ფინანსურ დეცენტრალიზაციაზე, ხოლო თუ ფინანსური დეცენტრალიზაცია არ მოხდა, მაშინ თვითმმართველობის ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს:
“როდესაც საუბარი არის რეფოrმაზე, ეს იმთავითვე განწირული იქნება, თუ შესაბამისი ფინანსური გარანტიები არ ჩაიდო კოდექსში. რაც აუცილებლად უნდა განისაზვროს ფორმულის დონეზე, არის ის, თუ რა ტრანსფერები ექნებათ რაიონებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წარსულში ცუდი პრაქტიკა იყო, რომ ფინანსთა სამინსიტროს რომელიმე საშუალო რგოლის ჩინოვნიკზე იყო დამოკიდებული, თუ რა დაფინანსებას მიიღებდა ესა თუ ის რაიონი. რაიონებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული შემოსავალი, გარანტირებული ფორმულით მიღებული ტრანსფერების რაოდენობა ცენტრალური ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, აუცილებლად უნდa განისაზღვროს- საშემოსავლო, ქონების და მოგების გადასახადიდან რა პროცენტული მაჩვენებელი რჩება თვითმმართველობას, იმისათვის, რომ ის მუდმივად დამოკიდებული არ იყოს ცენტრალურ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ცვლილებაზე, მინისტრების გამოყენებაზე და ა.შ,”- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილი.
თვითმმართველობის კოდექსს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ, თუმცა უმცირესობა პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრება. ისინი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შეფასებას მოითხოვენ დავით უსუფაშვილისგან:
“შეფასება მოხდეს კრიმინალების სახელით მუქარის და ასევე, კუთხური შუღლის გაღვივებაზე აქცენტირება და ამით საუბარი უნდა იყოს გამორიცხული პარლამენტში. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ კინკლაობაზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რაზეც გვპასუხობს ხშირად დავით უსუფაშვილი, ჩვენ სრულიად სხვა რამეზე გვაქვს საუბარი,”-აღნიშნა ვაშაძემ.
11 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს გაუხსენა სპეცოპერაცია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს ჩატარდა სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში, ასევე, ისაუბრა 26 მაისის აქციის დაშლაზე და ამჟამინდელ შს მინისტრს მოუწოდა, რომ ხშირად ჩაატაროს ე.წ. რეიდები:
“თქვენ გინდოდათ შეგეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის. ოპერაცია გაამართლეს ასე: ჩვენ სვანები დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და თქვენი ოჯახები დააჩმორეთ და არა – სვანეთი. მე მოვუწოდებ შს მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები, ისევ და ისევ დამნაშავე ნაციონალების დასაცავად. სადმე არ გადაგეყარონ ნამუსახდილი, დაჩმორებული ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო: ცოცხი და დუბინკა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, აღდგეს სამართლიანობა და გამოიძიონ ყველა დეტალი. მე მინდა გულწრფელად ვუთხრა გიორგი ბარამიძეს: მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო.”