სერგო რატიანის თქმით, დავით უსუფაშვილმა არ შეაფასა ის ტენდეცია, რომ ოპოზიციას “კრიმინალური ბანდის სახელით” ელაპარაკებიან:
„ჩვენ დღეს არ შევალთ სხდომათა დარბაზში, რადგან, როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარემ ან ვერ წაიკითხა გუშინ საღამოს ჩვენი წერილი, ან ადეკვატურად ვერ აღიქვა. ჩვენ არ ვითხოვდით მხოლოდ ჩხუბის ეპიზოდის შეფასებას, ჩვენ ვითხოვდით იმ აღმაშფოთებელი ტენდეციის შეფასებას, როდესაც ოპოზიციას ელაპარაკებიან კრიმინალური ბანდის სახელით და ემუქრებიან მას, გარდა ამისა, ამწვავებენ კუთხურ შუღლს. ეს არის ორი აღმაშფოთებელი ტენდეცია და პალამენტის თავმჯდომარემ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი.“
მისივე თქმით, უმცირესობა პარლამენტში რჩება და მთელი დღე თვითმმართველობის კოდექსზე შეფასებებს გააკეთებს:
„ჩვენ ვთანხმდებით იმ პრინციპზე, რომ მერი, გამგებლები უნდა იყვნენ არჩევითი, მაგრამ კანონი არის დასახვეწი. იგივე საკრებულოს შეუძლია მერი გადაირჩიოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მერმა რაღაც დააშავა, როცა აშავებს- სხვა პროცედურებია, არამედ, უბრალოდ, თუ შენს კანდიდატს არ ირჩევს ხალხი და საკრებულოში უმრავლესობა გაქვს, შეგიძლია გადაირჩიო. ჩვენ გვექნება ალტერნატიული წინადადება კანონთან დაკავშირებით.“
„მომხდარ ინციდენტზე მივიღე საჯრო მიმართვა და ითხოვენ რეაგირებას. მე მინდა მკაფიოდ და გასაგებად განვაცხადო, რომ ამ ინცინდენტისა და მისი ცალკეული ეპიზოდების შეფასება შორს წაგვიყვანს. რაც შეიძლებოდა, რეაგირება უკვე მოვახდინე. ორივე მხრიდან ინდივიდუალური ქმედებები იყო და იმის შეფასება, პირველემა რას მოკრა ყური და მეორემ რა უპასუხა, შორს წაგვიყვანს. კანონი კანონია ქუჩაშიც და პარლამენტის შენობაშიც. დავიცვათ კანონი. ბევრი განცხადება მახსენდება მე, როდესაც მეც მიგრძვნია თავი უკიდურესად შეურაცხყოფილად, როდესაც კოლეგა ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ სამშობლოს კი არა, სხვა ქვეყანას ვემსახურებით. ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ არის პასუხი გამოთქმულ სიტყვაზე,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.