ახალი ამბები

კაფე გალერის მენეჯერი: Bassiani-ს გახსნამდე, გალერიში ივენთი არ ჩატარდება

23 მაისი, 2018 • 2793
კაფე გალერის მენეჯერი: Bassiani-ს გახსნამდე, გალერიში ივენთი არ ჩატარდება

კაფე გალერის მენეჯერი, ვიოლეტა ყოლბაია Facebook გვერდზე წერს, რომ კლუბ Bassiani-ს გახსნამდე, კაფე გალერიში ივენთი არ ჩატარდება. გალერი სხვა კლუბებთან ერთად უერთდება Bassiani-ს დამფუძნებლების მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც 27 მაისს, 18:00 საათზე ვარდების მოედანზე გაიმართება.

როგორც კლუბის დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 27 მაისი სიმბოლური თარიღია, რადგან ამავე დღეს ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციით გააპროტესტებენ მათთან არსებულ პრობლემებს.

კლუბ Bassiani-ს დამფუძნებლები ასევე აცხადებენ, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო  Bassianis 1 ივნისამდე გახსნის შესაძლებლობას არ მისცემს, კლუბი დაიხურება, რადგან მფლობელები ყოველთვიური ხარჯების დაფარვას ვეღარ შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი Bassiani ამ დრომდე დალუქულია, გუშინ კაფე გალერი გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ ზუსტ დროს, როდის მოეხსნება “ბასიანს” ლუქი.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი