ახალი ამბებიკომენტარი

რელიგიური გრძნობები არა სამართლებრივი, არამედ მორალური საკითხია – მიტროპოლიტი გრიგოლი

23 მაისი, 2018 • 7184
რელიგიური გრძნობები არა სამართლებრივი, არამედ მორალური საკითხია – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი  ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტის საკითხსაც შეეხო. მიტროპოლიტი მიიჩენვს, რომ რელიგიური გრძნობების საკითხი არა იმდენად სამართლებრივ სფეროს განეკუთვნება, არამედ მორალურს. წმინდა სინოდის წევრს წარმოუდგენლად ეჩვენება იმდაგვარი კანონის შექმნა, რომელშიც ზედმიწევნით იქნებოდა განმარტებული რელიგიური გრძნობის ცნება და დადგინდებოდა მისი შელახვა-არშელახვის კონკრეტული საზღვრები.

“ნეტგაზეთი” ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ქადაგებიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

“თემა უაღრესად ფაქიზია და დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც მას ვეხებით. რელიგიურ გრძნობა, შესაძლოა ითქვას, რომ არის რელიგიური მოტივებით განპირობებული შინაგანი მდგომარეობა, რასაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ქმედებაზე.

მაგალითისთვის გეტყვით: ერთი მხრივ, როცა ვამბობთ, რომ „საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის“, და ამის დასტურია უკანასკნელი ორიათასწლოვანი ისტორია ქართველი ერისა, სწორედ რომ ქართველთა რელიგიური განცდა განაპირობებდა მის შეუპოვრობას უსასტიკეს ისტორიულ ქარტეხილებში და არნახულ გამძლეობას, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

მეორე მხრივ, ადამიანის რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებით ხდება თვითმკვლელი ტერორისტების გამრავლება, რასაც ეწირება ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მთელ მსოფლიოში.

და მესამე: დღეს ქართველთა რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებისა და მისით მანიპულირების მცდელობით მიმდინარეობს ქართული საზოგადოების პოლიტიკური დეზორიენტირებისკენ მიმართული ქმედებები, რაც დიდი რისკების შემცველია ქვეყნისთვის და თვით ჩვენი საზოგადოებისთვის.

რელიგიური გრძნობა (განცდა) თავის პოტენციაში დიდ ენერგიებს ინახავს და ეს ენერგიები შეიძლება იქცეს როგორც დიდი სიკეთის წყაროდ, ასევე დიდი ბოროტებისაც. შესაბამისად, ადამიანის რელიგიურ გრძნობებთან უშნოდ თამაში ძალიან სახიფათოა; და როცა საუბარი იწყება იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შელახვისგან, წარმოუდგენლად გვეჩვენება იმდაგვარი კანონის შექმნა, რომელშიც ზედმიწევნით იქნებოდა განმარტებული რელიგიური გრძნობის ცნება და დადგინდებოდა მისი შელახვა-არშელახვის კონკრეტული საზღვრები;

ანუ, კვლავ გავიმეორებ, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია მისი რეგლამენტირება და დიდად დასაფიქრებელია, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში (და სწორედ აქეთ მიემართება სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმა), რა შედეგის მომტანი იქნება კანონი, რომელსაც თავისი ზოგადი ხასიათის გამო მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცემა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ყოველივე ეს ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს, მისგან გამომდინარე შედეგებითურთ.

რელიგიური გრძნობების საკითხი, ჩვენი აზრით, არა იმდენად სამართლებრივი საკითხია, რამდენადაც მორალის სფეროს განეკუთვნება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის კი განუზომელი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. როდესაც რელიგიურ გრძნობებს ვეხებით, აქ, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოების წევრები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოზომილები. მადლობა ღმერთს და ჩვენს წინაპრებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანებისადმი პატივისცემის ისტორიული ტრადიცია. თვით ქართველთა შორის გვყავს ჩვენ მუსლიმები, კათოლიკეები და სხვანი, რომელთა მიმართაც გვაკავშირებს ხორციელი ძმობა და თანამოქალაქეობა.

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთი ცის ქვეშ, ერთ სახელმწიფოში, ერთი კონსტიტუციის პირობებში, მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, რელიგიური რწმენისადმი ინდიფერენტულობისა ან თუნდაც რელიგიასთან შინაგანი დაპირისპირებულობისა. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს!” – განაცხადა ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 6 მაისს, ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.


პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან” დაკავშირებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინიციატივის მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფა გახდა.

კანონპროექტის მიხედვით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი