ახალი ამბები

საქართველო და აშშ საქართველოში დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე შეთანხმდნენ

23 მაისი, 2018 • 1189
საქართველო და აშშ საქართველოში დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე შეთანხმდნენ

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი და აშშის კომერციის მდივანი უილბურ როსი საქართველოში აშშის დამატებითი სავაჭრო მისიების (Trade Missions) გამართვაზე შეთანხმდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქამდე ჩატარებულმა მისიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო მისიებში ამერიკის კერძო სექტორის მონაწილეობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ორივე მხარემ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხზე ისაუბრეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე ყურადღება იმ სატრანსპორტო დერეფნებზე  (ტრასეკა; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, იგივე შუა დერეფანი; ლაპის ლაზური; სპარსეთის ყურე – შავი ზღვა და სხვ.) გამახვილდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

მათივე თქმით, შეხვედრაზე ისეთ პროექტებზეც ისაუბრეს, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვ.

ანაკლიის ნავსადგურზე საუბრისას,ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში  ამერიკული კომპანიების ,”კონტი ჯგუფისა” და  ოპერატორი კომპანიის „SSA Marine“-ის მონაწილეობაზე ისაუბრეს. 

სამინისტროს თქმით, შეხვედრაზე საქართველოს გავლით აზიიდან ევროკავშირის მიმართულებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიმართულებების განვითარების საკითხზე ისაუბრეს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი