ახალი ამბები

ლექვინაძე ბასიანზე: ბიზნესომბუდსმენი მხარს ვერ დაუჭერს იმ ბიზნესს, რასაც ნარკობიზნესი ჰქვია

22 მაისი, 2018 • 9604
ლექვინაძე ბასიანზე: ბიზნესომბუდსმენი მხარს ვერ დაუჭერს იმ ბიზნესს, რასაც ნარკობიზნესი ჰქვია

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კლუბ Bassiani-ის საქმეში ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩართული არ არის. როგორც ლექვინაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე კლუბში ოპერატიული საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს.

ლექვინაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე განაცხადა, რომ “ბიზნესომბუდსმენი მხარს ვერ დაუჭერს იმ ბიზნესს, რასაც ნარკობიზნესი ჰქვია”:

“ჩვენ არ ვართ ჩართულები იმიტომ, რომ მათ არ მოუმართავთ ამ საკითხზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო სამუშოები. ამიტომ, თუ იქ არის საუბარი იმაზე, რომ ბასიანში შესვლა არ მოხდა იმის გამო, რომ კლუბის საქმიანობა შეფერხებულიყო, იქ იყო საუბარი ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ბიზნესომბუდსმენი მხარს ვერ დაუჭერს იმ ბიზნესს, რასაც ნარკობიზნესი ჰქვია, ის ამის გარეთ მხარს დაუჭერს ყველა კანონიერ საქმიანობას […]” – თქვა ლექვინაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიებით ხომ არ არის დადასტურებული კლუბის კავშირი ნარკოტიკების რეალიზაციასთან? – “ნეტგაზეთის” რეპორტიორის ამ კითხვაზე ლექვინაძემ განაცხადა, რომ კომენტარი ამის შესახებ შესაბამისმა უწყებამ უნდა გააკეთოს:

“საგამოძიებო სამუშაოები მიდის და მე ვერ გეტყვით იმას, ის რა იყო და როგორ იყო. ამაზე, ბუნებრივია, სესაბამისი უწყება გააკეთებს შესაბამის კომენტარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მალე დასრულდება სამუშოები და რაც მალე ექნება აღნიშინულ კლუბებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით იმ კანონის ჩარჩოში, რა ჩარჩოც ითვალისწინებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და არა, დავუშვათ, რაიმე სხვა ტიპის უკანონო საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისი კომპეტენტური უწყება იქ აწარმოებს შესაბამის მოქმედებებს. ამიტომ, ალბათ, მათ გარკვეული პერიოდი სჭირდებათ. თუმცა იმ ნაწილში, რაც უფრო მალე დასრულდება და ბიზნესი მალე აღდგება, მივესალმები, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს,” – თქვა ლექვინაძემ ნეტგაზეთთან.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, რა რეაგირებას მოახდენდა ბიზნესომბუდსმენი იმ შემთხვევაში, თუ Bassian-ის მფლობელები აპარატს მიმართავდნენ:

“ჩვენ უბრალოდ ვნახავთ საქმის მასალებს და თუ რამეში შეგვიძლია შუამდგომლობა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამას გავაკეთებთ” – ამბობს ლექვინაძე. 

სანამ ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნებოდა, წლების განმავლობაში თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.


მიუხედავად იმისა, რომ კლუბი Bassiani ამ დრომდე დალუქულია, დღეს კაფე გალერი გაიხსნა.  შსს-ში არ ამბობენ ზუსტ დროს, როდის მოეხსნება “ბასიანს” ლუქი. კლუბის მფლობელები არ გმაორიცხავენ, რომ თუ შსს მათ კლბის გახსნის საშუალებას 1 ივნისამდე არ მისცემენ, შესაძლოა Bassiani დაიხუროს. 

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი