აღნიშნული განცხადების მიღების შესახებ ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გია ბარამიძემ გაახმიანა:
“გაუგებარი იქნება, თუ საქართველო არ მიიღებს განცხადებას იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხვა ქვეყნები აფიქსირებენ.”
აღნიშნული ინიციატივის საპასუხოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ განცხადების პროექტზე დღის პრიველ ნახევარში კონსულტაციები გაიმართება, რადგან საქართველომ საკუთარი პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს:
„ჩვენ ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რომ დღის პირველ ნახევარში გაიმართება კონსულტაციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის განცხადების პროექტზე და მე დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ შევჯერდეთ ტექსტზე, რომელიც სრულიად პარლამენტის იქნება. იმიტომ, რომ ის, რაც ხდება ამ დღეებში, ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი საკითხი საქართველოსთვის. თანამედროვე სამყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი პრინციპული პოზიციების პრინციპულად გამომხატველი, ჩვენ გვეხება ეს, თუ სხვას. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი შეჯერდება განცხადების ტექსტზე.”
კიევის ცენტრალური ქუჩები შინაგან საქმეთა უწყების ქვედანაყოფების ავტობუსებითაა გადავსებული, რომელთაც მაიდანთან მისასვლელი ქუჩები აქვთ ბლოკირებული. ამ წუთებში “ბერკუტი” კიევის მერიის შენობის შტურმით აღებას ისევ ცდილობს, ამჯერად ცრემლსადენი გაზის საშუალებით. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა იუნიან.ნეტი იუწყება.
