ახალი ამბები

პარლამენტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს მოისმენენ

11 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს მოისმენენ

ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. როგორც ხადური განმარტავს, იწყება ბიზნესის წახალისებაც:


“ჩვენ გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც პარლამენტმა გამოთქვა განხილვების პროცესში. 2 თვე მიმდინარეობდა განხილვა. ბიუჯეტმა მიიღო საბოლოო სახე, თუმცა, ცხადია, პრიორიტეტები იგივეა, ეს არის: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ცვლილებებია შესული იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ბიუჯეტი იწყებს ბიზნესის წახალისებას. ამისთვის ორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი, სახაზინო ვალდებულებებით მიღებულ შემოსავლებს განვათავსებთ საბანკო ანგარიშებზე და ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ გრძელვადიანი კრედიტი მისცენ და მეორე: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გაეზრდება დაფინანსება, რომელიც ბიზნესის, ე.წ. სტარტაფების დაფინანსებას მოხმარდება.”

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის  მიერ გამოთქმულ შენიშვნებს საშინაო ვალის აღებასა და ხელფასების არგაზრდაზე, ხადური ამბობს, რომ ხელფასები იზრდება:


„მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნები მხოლოდ შენიშვნებისთვის არის და მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე თქვან. რაც შეეხება ვალებს, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მომავალ წელს ბიუჯეტის საჭიროებისათვის ავიღებთ უფრო ნაკლებ ვალს, ვიდრე გავისტუმრებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აღებულ ვალებს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი