ახალი ამბები

პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო განხილვა დაიწყო

10 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო განხილვა დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კოდექსზე აჟიოტაჟი არ ღირს:


“პარლამენტი ისეთ კოდექსს მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. ჩვენ მივიღებთ ისეთ კოდექსს, რომელიც რეალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს თვითმმართველობის გაგრძელებისთვის და მაქსიმალურად დეცენტრალიზაციისკენ. ეს არის მთავარი პრინციპი ამ რეფორმის. ეს რეფორმა რომ განსახორციელებელია, ეს აშკარაა. ამიტომ ამაზე განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს.“

 

განხილვას არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც, მათ შორის ჯონდი ბაღათურიაც ესწრება. ბაღათურიას აზრით,  ხელისუფლება ამ კოდექსით ქვეყნის სეპარატისტულ ერთეულებად დაშლას შეუწყობს ხელს:


“არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ ხალხს, თუკი დაგვჭირდა დახმარება, რათა ხალხმა აქტიურად გამოხატოს პროტესტი ქვეყნის დაშლის წინააღმდეგ. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, კატეგორიულად ვუწევთ წინააღმდეგობას იმ ნორმას, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს სეპარატისტულ საფეოდალოებად, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ვართ განწყობილი. დღევანდელი ჩვენი აქ დასწრება საკომიტეტო მოსმენაზე არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ცივილიზებულად მოლაპარაკების გზით მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რათა მან ხელი აიღოს ქვეყნის დაშლაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი