ახალი ამბები

გახარია: კლუბში შესვლის მიზანი ნარკორეალიზატორებსა და კლუბს შორის კავშირის დადგენა იყო

18 მაისი, 2018 • 1527
გახარია: კლუბში შესვლის მიზანი ნარკორეალიზატორებსა და კლუბს შორის კავშირის დადგენა იყო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ კლუბებში პოლიციის შესვლის მთავარი მიზეზი არა ნარკორეალიზატორების დაკავება, არამედ კლუბის ინფრასტრუქტურასა და ნარკორეალიზატორებს შორის კავშირის დადგენა იყო.

“აქ იყო რამდენჯერმე დასმული შეკითხვა, რომ რა მოხდა, როდესაც შეხვედით კლუბში და ვერ დააკავეთ რეალიზატორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვქონია მიზანი, რომ კლუბში დაგვეკავებინა რეალიზატორი. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ეს არ იყო ძირითადი ამოცანა, როდესაც  ჩვენ კლუბში შევდიოდით. როცა ჩვენ კლუბში შევდიოდით, ძირითადი ამოცანა იყო, რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის დაგვედგინა კავშირი, რომელიც, შემდგომ გვაძლევს საშუალებას, გავიდეთ უფრო დიდ ქსელზე, რასაც, ფაქტობრივად, ჩვენ მივაღწიეთ და გითხარით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების პირველი ნაბიჯები, ეს გამოძიება გაგრძელდება და მას შესაბამისი შედგები მოჰყვება,”- განაცხადა გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა საკითხზე, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია ამ ფორმით:

“ღონისძიების ამ ფორმით და ამ დროს ჩატარებისთვის არსებობდა რამდენიმე ძალზე აშკარად გამოვლენილი ფაქტორი. პირველი: ეს გახლდათ ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც იყო მოპოვებული გამოძიების პერიოდში და რომელიც ადასტურებდა სისტემურ კავშირებს გამსაღებლებსა და კლუბებს შორის, და მეორე, ის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ სწრაფად მოვიპოვეთ გამსაღებლების დაკავების პირობებში. ამას ჰქოდა ძალზედ დიდი მნიშვნელობა. მე შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ის მასალები, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ კლუბებში, იყო ყველაზე სერიოზული და ყველაზე დიდი მიღწევა,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი