ახალი ამბები

ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

9 დეკემბერი, 2013 •
ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

„ამჟამად მოსახლეობის 60 %-ს ქობულეთში შუქი არ აქვს, რაღაც დაზიანებაა, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები უკვე საქმის კურსში არიან და მუშაობენ, რომ შუქი ჩართონ,“ – აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე. 

მისივე განცხადებით, ამდროისთვის მძიმე ტექნიკა მუშაობს და საავტომობილო გზები იწმინდება. 

„ახლა მეც ჩაქვის გვირაბის შესასვლელში ვარ საცობში მოხვედრილი, თუმცა გზები იწმინდება. სამაშველოც აქაა, საგზაოც აქაა და წმენდენ,“ – აცხადებს ქობულეთის გამგებელი. 

იმის გამო, რომ გზებზე საცობებია, ქობულეთიდან ბათუმში წასვლის მსურველი მოქალაქეები ქობულეთის რკინიგზის სადგურში არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთი მგზავრი „ბათუმელებთან“  აცხადებს, ქობულეთის რკინიგზის სადგურში მგზავრობის თანხად 19 ლარი მოითხოვეს. პროტესტის შემდეგ ფასი 16 ლარამდე ჩამოვიდა.

„თბილისიდან მოდის ჩქარი მატარებელი, იმას გვინდა გამოვყვეთ, თუმცა სალაროში გვითხრეს, თუ 19 ლარიან ბილეთს არ აიღებთ, გამცილებელი მატარებელში არ აგიშვებთო. ამ დროისთვის სხვა ტრანსპორტი ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, არ მოძრაობს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ კახაძემ, რომელიც ახლა ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან ბათუმში ჩასვლას ცდილობს. 

„ბათუმელები“  დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს  დაჩი ცაგურიას. მისი  განმარტებით, ფასი წინასწარაა  განსაზღვრულია და მისი შეცვლა არ მოხდება. 

თოვა ბათუმში წუხელ დაიწყო და მას შემდეგ გადაუღებლად თოვს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი