ახალი ამბები

რატომ სურს დეპუტატს მრავალშვილიანი დედებისთვის “ქართვლის დედის” სტატუსის შემოღება

17 მაისი, 2018 •
რატომ სურს დეპუტატს მრავალშვილიანი დედებისთვის “ქართვლის დედის” სტატუსის შემოღება

“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” წევრს, პარლამენტარ სიმონ ნოზაძეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით “ქართვლის დედის” სტატუსის განსაზღვრა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს უთხრა.

“ქართვლის დედის” სტატუსის შესახებ ნოზაძემ გუშინ, 16 მაისს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს “მრავალშვილიანი მშობლის სტატუსზე”. დეპუტატის თქმით, მან სხდომაზე გამოსულ მომხსენებლებს კითხვა დაუსვა, უფიქრიათ თუ არა მათ “ქართვლის დედის” სტატუსის შემოტანაზე. ნეტგაზეთთან სიმონ ნოზაძე ხსნის, თუ რას გულისხმობს აღნიშნული სტატუსი.

ქართვლის დედის სტატუსი 1990 წელს კანონით იყო განმარტებული,  მაგრამ არ მოქმედებდა. “ქართვლის დედის” სტატუსი უნდა მიენიჭოს საქართველოში მცხოვრებ  ნებისმიერი ეროვნებისა და აღმსარებლობის იმ ქალს, რომელიც ქართული ცნობიერებით ხუთ ან მეტ შვილს გაზრდის და მათ შორის, არც ერთი ნასამართლევი არ იქნება. თვითნ ამ სტატუსის განსაზღვრის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლება, მან უნდა იცოდეს, თუ როგორი ოჯახია და უნდა ჰქონდეს სოციალური მუშაკის დასახიათება. მოკლედ, ეს უნდა იყოს სანიმუშო ოჯახი. მე იმას კი არ ვგულისხმობდი, რომ ყველა 5-შვილიან დედას მიენიჭოს ეს სტატუსი. გამორჩეულ ოჯახებს, სადაც ოჯახში არის ერთმანეთთან სრული ჰარმონიული ურთიერთობა, რომლის შვილებიც ქართული ცნობიერებით არიან გაზრდილნი და რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია. შემდეგ ამას მოჰყვება სხვა სიკეთეები,” – განგვიმარტა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, შერჩეული ოჯახი არა მხოლოდ “წესიერებით” უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს “ქართული ცნობიერებით” შვილის აღზრდა, ნოზაძე შემდეგნაირად გვპასუხობს:

“ასეთი მეთოდით აღზრდილ შვილს ქართულ ენაზე გამართულად საუბარი და თანამედროვე აზროვნებაც შეუძლია, იცის ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, იცნობს კომპიუტერსაც და რომელიც არ იქნება ნასამართლევი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სტატუსი მიენიჭება იმ დედას, რომელიც ღირსეულ თანამოქალაქეებს აღუზრდის სამშობლოს. თუმცა, ვთქვათ, 40 წლის შვილმა თუ ჩაიდინა დანაშაული, მე მომხრე ვარ, რომ ეს სტატუსი ქალს გაუუქმდეს,” – გვითხრა პარლამენტარმა. 

რაც შეეხება დედის შერჩევის პრინციპს, ნოზაძის სიტყვებით, დედა კომისიური შერჩევით უნდა აირჩიონ. ამ კომისიაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო უწყებები, მათ შორის, შსს, განათლების სამინისტრო, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი და სახალხო დამცველი. სტატუსი კი თავად პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს.

“ამ იდეის ინიციატივის სახით შეტანას არ ვაპრებ, მე ამ თემაზე ადრეც მქონდა საუბარი, მაგრამ ამჟამად მხოლოდ კითხვა დავუსვი, ხომ არ უფიქრიათ ამ სტატუსის დაბრუნების შესახებ-მეთქი. და როგორც მათ მითხრეს, ეს წინადადება დისკრიმინაციული იყოო. მე არ ჩავები დისკუსიაში, არავითარ დისკრიმინაციაზე საუბარი აქ არ იყო. დედებს ეს სტატუსი ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად მიენიჭებოდათ, შეიძლება დედა  ბაპტისტი იყოს, კათოლიკე ან მუსლიმი, შეიძლება იყოს სომეხი ან აზერიბაიჯანელი, მთავარია, მათ ღირსეული შვილები აღზარდონ,” – აცხადებს სიმონ ნოზაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი