ახალი ამბები

უსუფაშვილი: პატრიარქს შეუძლია გამოხატოს პოზიცია, ხოლო ვიღაც შეიძლება არ დაეთანხმოს

6 დეკემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: პატრიარქს შეუძლია გამოხატოს პოზიცია, ხოლო ვიღაც შეიძლება არ დაეთანხმოს

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა, პატრიარქის მიერ თვითმმართველობის კოდექსზე პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მის მიმართ გადაჭარბებული კრიტიკა გაისმა, თუმცა ასევე გადაჭარბებული იყო იმ პირების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები, ვინც პატრიარქს არ დაეთანხმა:

 

“მე ამ დღეებში მოვისმინე სრულიად გასაოცარი, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო არის ყველასი. პოლიტიკოსისაც, ჟურნალისტისაც, ბიზნესმენისაც, რელიგიური მოღვაწისაც და ყველა მოქალაქის. ამიტომ თვითმმართველობა არის ყველას საქმე. პატრიარქი მიბრძანდება ხოლმე არჩევნების დღეს და ხმას აძლევს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, ამიტომ პატრიარქს აქვს სრული უფლება, სრული თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ის მოსაზრებები, რომ ეს არის რამეში ჩარევა და ა.შ., ჩემი აზრით, ეს არის გადაჭარბებული შეფასება. ჩარევა იმ შემთხვევაში იქნება, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს ამ საქმეში, ისევე როგორც, თუ ეკლესია ჩარევს ვინმეს თავის საქმეში, აი, მაშინ იქნება ჩარევა. ჩარევა იქნება, პატრიარქმა რომ ვეტო დაადოს რამეს, ან გადაგვახიოს თავზე რამე, მაშინ იქნება ჩარევა, მაგრამ გამოთქმა საკუთარი პოზიციის, ეს არ არის ჩარევა

 

ამასობაში იმ ხალხმაც, ვინც მეორე მხრიდან არის გაბრაზებული, რომ ვიღაცა როგორ ბედავს, რომ პატრიარქის პოზიცია ეჭვქვეშ დააყენოს და თქვას, რომ ეს ასე არ არის, ამ კოდექსში არ არის ეს საფრთხეები და პირიქით, კარგია ეს კოდექსი. ვინც ამბობს რომ ეს არის მკრეხელობა და მიუღებელი საქციელი, მათ უნდა გაიაზრონ, რომ მიდის საჯარო დისკუსია საკითხებზე. როდესაც ვინმე თავის პოზიციას გამოთქვამს, თუნდაც ეს იყოს ჩემთვის ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო ავტორიტეტული ადამიანი, მისი უწმინდესობა, თავისი გამოცდილებითა და თავისი სიბრძნით, შესაძლოა სხვა ადამიანები მას არ დაეთანხმონ. შეიძლება გამოითქვას საპირისპირო პოზიციები და ამ საპირისპირო პოზიციების გამომთქმელთა მიმართ ის ალიაქოთი, რაც ატყდა, ასევე მიუღებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია საიდან, მაგრამ თუ პატრიარქმა დაინახა თვითმმართველობის კოდექსში რაიმე საფრთხე, ის ვერ იქნებოდა ჩუმად. მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, უნდა მოვიქცეთ ცივილიზებულად და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი